მართლმადიდებელი ეკლესია კვირაცხოვლობის დღესასწაულს აღნიშნავს

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს, აღდგომის სწორზე კვირაცხოვლობის დღესასწაულს აღნიშნავს. კვირაცხოვლობა აღდგომის დღესასწაულის განახლებაა.
კვირაცხოვლობას ასევე თომას კვირასაც უწოდებენ. სახარებაში აღწერილია (იოანე 20, 19-20), თუ როგორ გამოეცხადა აღდგომის დღეს, საღამოს, მაცხოვარი თავის მოწაფეებს და უჩვენა თავისი ჭრილობები. თომა ამ შეხვედრას არ ესწრებოდა. გული დაწყდა და თქვა, სანამ ჩემი თვალით არ ვიხილავ იესოს, არ დავიჯერებ მის აღდგომასო. სახარების თანახმად, აღდგომიდან მერვე დღეს, ისევ კვირა საღამოს, მაცხოვარი კვლავ გამოეცხადა მოწაფეებს, ამჯერად თომას თანდასწრებით, უჩვენა ჭრილობები და უთხრა თომას: "ნეტარ იქნებიან ისინი, ვისაც არ უხილავს და იწამა“. თომა მუხლებზე დაეცა, თაყვანი სცა მაცხოვარს. იგი პირველი იყო მოწაფეთა შორის, რომელმაც სრულიად აღიარა იესო ქრისტეს ღვთაებრივი ბუნება.
კვირაცხოვლობას ტაძრებში დაჭრილი არტოსი - საგანგებოდ გამომცხვარი პური რიგდება, რომელიც აღდგომის დღიდან მთელი ბრწყინვალე შვიდეულის განმავლობაში ეკლესიებში კანკელის წინ პატარა მაგიდაზე დევს.
ბრწყინვალე შვიდეულის სადღესასწაულო დღეებში არტოსი განსაკუთრებული მადლით იმოსება და დიდ სიწმინდეს წარმოადგენს.
მორწმუნეები მას განსაცდელისას, სულიერი და ხორციელი უძლურების დროს იღებენ.