ტრამპის განცხადებით, შესაძლოა, უკრაინასა და რუსეთს შორის სამშვიდობო შეთანხმებას ვერ მიაღწიოს

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ უკრაინასა და რუსეთს შორის სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა შესაძლოა, შეუძლებელი იყოს, მხარეებს შორის არსებული დიდი სიძულვილის გამო. ამის შესახებ მან NBC News-თან ინტერვიუში განაცხადა.
რუსეთის ომისა და მის დასასრულებლად ტრამპის ადმინისტრაციის მცდელობების შესახებ კითხვაზე, ტრამპმა განაცხადა, რომ იყო მომენტები, როდესაც ის შუამავლის როლზე უარის თქმასთან ახლოს იყო.
„ხანდახან ახლოს ვიყავი, მაგრამ დადებითი რაღაცები მოხდა“, - აღნიშნა ტრამპმა და განმარტა, თუ რატომ არ შეწყვიტა ამ დრომდე თავისი „სამშვიდობო ძალისხმევა“.
ამავდროულად, მან დაადასტურა, რომ ამის გაკეთება ჯერ კიდევ შეუძლია.
„დადგება დრო, როდესაც ვიტყვი: „კარგი, განაგრძეთ. განაგრძეთ სისულელე და განაგრძეთ ბრძოლა“, - განაცხადა ტრამპმა.
აშშ-ის პრეზიდენტმა აღიარა, რომ ორ მებრძოლ ქვეყანას შორის შეთანხმების მიღწევა შესაძლოა, არარეალური იყოს, თუმცა მან ასევე თქვა, რომ, მისი აზრით, შეთანხმება შეიძლება „საკმაოდ ახლოს“ იყოს.
„შესაძლოა, ეს შეუძლებელი იყოს... უბრალოდ, რომ გაიგოთ, კრისტენ, ამ ორ ადამიანს [ზელენსკის და პუტინს] და, გულწრფელად რომ ვთქვათ, ზოგიერთ ჯარისკაცს შორისაც უზარმაზარი სიძულვილია. გენერლებს შორისაც. ისინი სამი წელია, სასტიკად იბრძვიან. ვფიქრობ, ამის მიღწევის ძალიან კარგი შანსი გვაქვს“, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.
ტრამპმა ასევე განაცხადა, რომ სამშვიდობო შეთანხმებამ შესაძლებელი გახადა ერთ მხარესთან დაახლოება, მაგრამ არა მეორესთან, თუმცა არ დააკონკრეტა, უკრაინაზე საუბრობდა თუ რუსეთზე.