მარიამ ლაშხი და იმედა ნიკურაძე ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტს ესტუმრნენ
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ლაშხი და კომიტეტის წევრი იმედა ნიკურაძე ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტს ესტუმრნენ, ინსტიტუტის დირექტორს გიორგი ჭეიშვილს და მეცნიერ თანამშრომლებს შეხვდნენ.
შეხვედრაზე ინსტიტუტის წინაშე არსებულ ძირითად გამოწვევებზე და მათი გადაჭრის შესაძლო გზებზე ისაუბრეს. ყურადღება გამახვილდა სამეცნიერო საქმიანობის განვითარებასთან დაკავშირებულ და ინფრასტრუქტურულ საკითხებზე.
პარლამენტის წევრებმა ისტორიული და ეთნოლოგიური არქივი და ბიბლიოთეკის საცავი დაათვალიერეს. ისინი ადგილზე გაეცნენ უნიკალურ სამეცნიერო მასალებს.
„განათლების რეფორმის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება მეცნიერების განვითარებაა. ეს მოიცავს როგორც მეცნიერების სფეროში საკანონმდებლო ჩარჩოს სრულყოფას, ისე მეცნიერების მხარდაჭერას, რათა სრულად იქნეს გამოყენებული და რეალიზებული ჩვენი ქვეყნის სამეცნიერო პოტენციალი. მნიშვნელოვანია იმ დიდი ისტორიული მემკვიდრეობის დაცვა, რომელიც ამ ინსტიტუტშია თავმოყრილი. აუცილებელია, რომ კვლევით პროცესში აქტიურად ჩაერთონ ახალგაზრდა მეცნიერები და მოხდეს მათი პროფესიული განვითარება“, - განაცხადა მარიამ ლაშხმა.