მაია ბითაძე: ოზურგეთის თეატრის, როგორც გურიის რეგიონის ერთადერთი პროფესიული სახელმწიფო თეატრის, წარმატებული შემოქმედებითი საქმიანობა განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია
კულტურის მინისტრი მაია ბითაძე ოზურგეთის ალექსანდრე წუწუნავას სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრში იმყოფებოდა.
მინისტრმა თეატრის ინფრასტრუქტურა დაათვალიერა. თეატრის დირექტორმა და სამხატვრო ხელმძღვანელმა ვასილ ჩიგოგიძემ მინისტრს თეატრის შემოქმედებითი საქმიანობა და სამომავლო გეგმები გააცნო.
ოზურგეთის ალექსანდრე წუწუნავას სახელობის პროფესიულმა სახელმწიფო დრამატულმა თეატრმა მნიშვნელოვანი ადგილი დაიმკვიდრა ქართულ კულტურულ სივრცეში. თეატრი ფუნქციონირებს შენობაში, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია და განსაკუთრებული არქიტექტურით გამოირჩევა. შენობის სრული რეაბილიტაცია და თანამედროვე ტექნიკური შესაძლებლობებით აღჭურვა ფონდ „ქართუს“ მხარდაჭერით განხორციელდა.
„მადლობა მინდა გადავუხადო თეატრის დირექტორს და სამხატვრო ხელმძღვანელს, ბატონ ვასილ ჩიგოგიძეს, რომლის ხელმძღვანელობითაც თეატრი აქტიურ და წარმატებულ შემოქმედებით საქმიანობას ეწევა, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისითაც, რომ ოზურგეთის თეატრი გურიის რეგიონის ერთადერთი პროფესიული სახელმწიფო თეატრია. ფონდი „ქართუს“ მხარდაჭერით, თეატრში შექმნილია ყველა პირობა განვითარებისთვის, ახალგაზრდა თაობის ჩართულობისა და საინტერესო პროექტების განხორციელებისთვის. მისასალმებელია, რომ დღეს ოზურგეთის თეატრი ქართული თეატრალური ტრადიციების შენარჩუნებისა და განვითარების, საერთაშორისო კულტურული ურთიერთობებისა და შემოქმედებითი თანამშრომლობის მნიშვნელოვანი ცენტრია“, - განაცხადა მაია ბითაძემ.
აღსანიშნავია, რომ ოზურგეთის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრში აქტიურად მუშაობს თეატრთან არსებული ახალგაზრდული სტუდიაც. შემოქმედებითი დასი კი აერთიანებს სხვადასხვა თაობის პროფესიონალ მსახიობებს. მიმდინარე წელს თეატრმა წარმატებით მიიღო მონაწილეობა საერთაშორისო ფესტივალებში თურქეთსა და ყაზახეთში, ასევე, მაყურებლის წინაშე წარდგა რუმინეთსა და ლონდონში. ამავდროულად, ოზურგეთის თეატრი ატარებს ნოდარ დუმბაძის საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალს.
2028 წელს ოზურგეთის თეატრი დაარსებიდან 160 წლის იუბილეს, ხოლო ნოდარ დუმბაძის დაბადებიდან 100 წლისთავს აღნიშნავს. იუბილესთან დაკავშირებით დაგეგმილია თეატრის ისტორიული მუზეუმისა და ხმის ჩამწერი სტუდიის სრული რეაბილიტაცია და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად განახლება.
მინისტრთან ერთად ოზურგეთის თეატრში იმყოფებოდნენ მინისტრის მოადგილე ნათია შამათავა, სახელმწიფო რწმუნებული გურიის მხარეში გიორგი ღურჭუმელიძე, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი გია ანთაძე, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩია და სამინისტროს ინფრასტრუქტურული განვითარებისა და ლოგისტიკის დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი ლევან ჩირგაძე.