ლევან მოსეშვილი: დღესდღეობით ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ფრენები 16 ქვეყნის 32 მიმართულებით ხორციელდება, აქედან 25 ევროპული მიმართულებაა
„ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის განვითარება 14 წლის წინ დაიწყო და მგზავრთნაკადის მიხედვით, დღეს ის საქართველოში სიდიდით მეორე აეროპორტია“, - ამის შესახებ საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალურმა დირექტორმა ლევან მოსეშვილმა განაცხადა.
ლევან მოსეშვილის თქმით, 14 წლის განმავლობაში ქუთაისის აეროპორტში ბევრი რამ შეიცვალა - დაემატა ახალი სამგზავრო ტერმინალი, განვითარდა ინფრასტრუქტურა და გაიზარდა სერვისები. აეროპორტის წარმატებაზე საუბრისას მან ასევე ხაზი გაუსვა მგზავრთნაკადის ზრდის დინამიკას და აღნიშნა, რომ ინტენსიურად მიმდინარეობს მუშაობა ახალი მიმართულებების დამატებაზე.
„როდესაც ქუთაისის აეროპორტი 14 წლის წინ გაიხსნა, პირველ წელს დაახლოებით 12,800 მგზავრი გვყავდა. 2025 წელს ეს მაჩვენებელი 1 მილიონ 800 ათას მგზავრამდე გაიზარდა. დღესდღეობით ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ფრენები 16 ქვეყნის 32 მიმართულებით ხორციელდება, აქედან 25 ევროპული მიმართულებაა. ჩვენ მუდმივად ვმუშაობთ ახალი ბაზრების ათვისებასა და მიმართულებების დამატებაზე. გვინდა, ჩვენს მგზავრებს, მოსახლეობასა და ტურისტებს ხელი შევუწყოთ, რომ ევროპის სხვადასხვა მიმართულებასთან პირდაპირი დაკავშირებადობა ჰქონდეთ. ჩვენი მიზანია, მსოფლიოს სხვადასხვა დიდი ქვეყანა, ქალაქი და დედაქალაქი ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტთან დავაკავშიროთ,” - განაცხადა საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალურმა დირექტორმა.
ლევან მოსეშვილმა ასევე აღნიშნა, რომ 10 წელი შესრულდა ქუთაისში აეროპორტის მთავარი პარტნიორის, Wizz Air-ის ბაზის გახსნიდან. მან უნგრულ ავიაკომპანიას მიულოცა და წარმატება უსურვა.