Loading data...
ლევან ჯაფარიძე, ბექა მიქაუტაძე და შალვა სუთიაშვილი სამუშაო ვიზიტით ერევანში იმყოფებოდნენ

თბილისის საკრებულოს დელეგაცია სამუშაო ვიზიტით სომხეთის დედაქალაქ ერევანში იმყოფებოდა. ინფორმაციას თბილისის საკრებულო ავრცელებს.

ვიზიტის ფარგლებში თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ლევან ჯაფარიძე, ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ბექა მიქაუტაძე და სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარე შალვა სუთიაშვილი ერევნის მერს ტიგრან ავინიანს, ვიცე-მერს არმენ პამბუხჩიანს და მერის მოადგილეს ლევონ ოჰანესიანს შეხვდნენ.

საკრებულოს დელეგაციასთან ერთად, ერევანში საქართველოს პარლამენტის წევრი ნოდარ ტურძელაძეც იმყოფებოდა.

შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის სხვადასხვა სფეროში წარმატებული თანამშრომლობის შესახებ ისაუბრეს და სამომავლო გეგმები დასახეს. ასევე, შეხვედრის მონაწილეებმა ერთმანეთს გამოცდილება იმ რეფორმების შესახებ გაუზიარეს, რომელიც თბილისსა და ერევანში მუნიციპალიტეტის მიერ ხორციელდება.

თბილისის საკრებულოს დელეგაციისა და ერევნის მერის შეხვედრაზე ქალაქებს შორის ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებას და სხვადასხვა მიმართულებით აქტიური თანამშრომლობის მნიშვნელობა გაესვა ხაზი.