ირანის პარლამენტის ეროვნული უსაფრთხოების კომიტეტის ხელმძღვანელი: ირანი ჰორმუზის სრუტეზე კონტროლს არასდროს დათმობს
არასდროს - ეს ჩვენი განუყოფელი უფლებაა, - ამის შესახებ ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის (IRGC) ყოფილმა მეთაურმა, ირანის პარლამენტის ეროვნული უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის კომიტეტის ხელმძღვანელმა ებრაჰიმ აზიზიმ განაცხადა, როდესაც უპასუხა კითხვას, როდის იქნება ირანი მზად, ჰორმუზის სრუტეზე კონტროლი დათმოს.
„არასდროს. ეს ჩვენი განუყოფელი უფლებაა. ირანი თავად გადაწყვეტს გემების გადაადგილებას ჰორმუზის სრუტეში“, - აღნიშნა აზიზიმ.
მისი თქმით, აღნიშნული საკითხი მალე კანონად გადაიქცევა.
„პარლამენტში წარვადგენთ კანონპროექტს, კონსტიტუციის 110-ე მუხლის საფუძველზე, რომელიც მოიცავს გარემოს დაცვას, საზღვაო უსაფრთხოებას და ეროვნულ უსაფრთხოებას - და შეიარაღებული ძალები აღასრულებენ კანონს“, - აღნიშნა ირანელმა კანონმდებელმა.
მისი თქმით, ჰორმუზის სრუტე ირანისთვის „მტერთან დაპირისპირების ერთ-ერთი რესურსია“.
ამასთან, „ბიბისისთან“ ინტერვიუში აზიზიმ უარყო რეჟიმის შიგნით რაიმე სახის უთანხმოების არსებობა.
„მე დიდს არაფერს ველოდები იმ კაცისგან, რომელიც სიმართლეს ამახინჯებს. ჩვენ უბრალოდ ვიცავთ ჩვენს უფლებებს ამერიკული შანტაჟის წინაშე“, - დასძინა აზიზიმ.