Loading data...
ლაშა ხუციშვილმა ქართველ დიპლომატებს ქვეყნის მაკროეკონომიკური და ფისკალური პარამეტრები გააცნო

ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა მონაწილეობა მიიღო ელჩების კონფერენციის ფარგლებში გამართულ დისკუსიაში, თემაზე: „ვაჭრობა, ინვესტირება, მდგრადი განვითარება გლობალური გამოწვევების პირობებში”.

გამოსვლისას, მან ყურადღება გაამახვილა ქვეყნის მაკროეკონომიკური და ფისკალური პოლიტიკის საკითხებზე, მიმდინარე და დაგეგმილ რეფორმებზე.

ფინანსთა მინისტრმა ისაუბრა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან და სარეიტინგო კომპანიებთან, ისევე, როგორც პოტენციურ ინვესტორებთან თანამშრომლობის დინამიკაზე და მათი მხრიდან საქართველოს ეკონომიკის განვითარების დადებით შეფასებებზე.

გარდა ამისა, ლაშა ხუციშვილმა მიმოიხილა საერთაშორისო ბაზრები, საქართველოში არსებული საინვესტიციო გარემო და 2026 წელს ევრობონდების რეფინანსირებასთან დაკავშირებული გეგმები.

მინისტრმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა საქართველოს მიერ საერთაშორისო სანქციების აღსრულების მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებზე და ამ კუთხით ჩვენი ქვეყნის მიმართ გავრცელებული დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლის მნიშვნელობაზე.

ლაშა ხუციშვილმა მადლობა გადაუხადა საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვედრის ორგანიზებისა და ქართველ დიპლომატებთან საინტერესო დისკუსიის გამართვის შესაძლებლობისთვის.

დისკუსია ინტერაქციულ რეჟიმში წარიმართა და მინისტრმა უპასუხა დიპლომატების მიერ დასმულ შეკითხვებს.