ლაშა აბაშიძე: აზერბაიჯანის რკინიგზის დელეგაციის ვიზიტი საკმაოდ ნაყოფიერი აღმოჩნდა - კოლეგებს ჩვენი ქვეყნის სარკინიგზო და საპორტო ინფრასტრუქტურა და მათი შემდგომი პოტენციალი გავაცანით
აზერბაიჯანის რკინიგზის დელეგაციის საქართველოში ვიზიტის დასასრულს ორმხრივი შეხვედრა გაიმართა სარკინიგზო უწყებების ხელმძღვანელებს შორის. მხარეებმა შეხვედრის მიმდინარეობისას ხაზი გაუსვეს საქართველოს და აზერბაიჯანს შორის სარკინიგზო სექტორში მრავალწლიან, წარმატებულ პარტნიორობას. ინფორმაციას საქართველოს რკინიგზა ავრცელებს.
ლაშა აბაშიძემ და როვშან რუსტამოვმა ორ ქვეყანას შორის სარკინიგზო სექტორში არსებული თანამშრომლობის და მისი შემდგომი განვითარების საკითხები განიხილეს. ტვირთბრუნვის ზრდა, ტარიფების/მიწოდების ვადების ოპტიმიზაცია და ბაქო-თბილისი-ყარსის ხაზის განვითარების პერსპექტივები - საუბარი ძირითადად ამ საკითხების ირგვლივ წარიმართა.
აღსანიშნავია, რომ საქართველოსა და აზერბაიჯანის პარტნიორი სარკინიგზო კომპანიების მიერ ერთობლივი ღონისძიებების კონკრეტული სამოქმედო გეგმა გაიწერა, რაც ტვირთბრუნვის ზრდას ემსახურება. ამასთან, ის ხელს შეუწყობს პროექტებისა და ღონისძიებების შემჭიდროვებულ ვადებში განხორციელებას.
„აზერბაიჯანის რკინიგზის დელეგაციის ვიზიტი საკმაოდ ნაყოფიერი აღმოჩნდა - კოლეგებს ჩვენი ქვეყნის სარკინიგზო და საპორტო ინფრასტრუქტურა და მათი შემდგომი პოტენციალი გავაცანით, მათ შორის შუა დერეფნის განვითარების ჭრილში. ობიექტებზე ვნახეთ არსებული შესაძლებლობები, ამასთან, გავუშვით ორ ნავსადგურს შორის ახალი ბლოკმატარებელი. აზერბაიჯანთან მომავალშიც აქტიურად ვითანამშრომლებთ, მათ შორის ლოგისტიკური სერვისების გაუმჯობესების კუთხით. ერთობლივი გაწერილი სამუშაო გეგმებით კი არსებულ მარშრუტებზე მეტი ტვირთის მოზიდვას შევძლებთ“, - აღნიშნა ლაშა აბაშიძემ.