ლაგოდეხის დაცული ტერიტორიები ბუნების დაცვის სფეროში მნიშვნელოვან საერთაშორისო ღონისძიებას მასპინძლობს
ლაგოდეხის დაცული ტერიტორიები ბუნების დაცვის სფეროში მნიშვნელოვან საერთაშორისო ღონისძიებას მასპინძლობს. ინფორმაციას დაცული ტერიტორიების სააგენტო ავრცელებს.
დაცული ტერიტორიების სააგენტოს ინფორმაციით, 1 კვირის განმავლობაში, ლაგოდეხში IUCN-ის დაცული ტერიტორიების მსოფლიო კომისიის (WCPA) საზედამხედველო კომიტეტის სხდომა გაიმართება, რომელიც საქართველოში 30-მდე საერთაშორისო ექსპერტსა და კომისიის წევრს აერთიანებს.
ღონისძიების გახსნაზე დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე თამარ ხახიშვილი წარდგა და მონაწილეებს საქართველოს დაცული ტერიტორიების სისტემა და მართვის პრაქტიკა გააცნო, განსაკუთრებული ყურადღება კი ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების საერთაშორისო მნიშვნელობას დაუთმო.
ღონისძიება საქართველოს შესაძლებლობას აძლევს, დაცული ტერიტორიების სფეროში მოღვაწე საერთაშორისო ექსპერტებს გააცნოს ქვეყანაში დაცული ტერიტორიების მართვის არსებული პრაქტიკა და წარმოაჩინოს სახელმწიფო უწყებების ხედვები დაცული ტერიტორიების სისტემის გრძელვადიანი და მდგრადი განვითარების მიმართულებით.
განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებს - საქართველოს უძველეს დაცულ ტერიტორიას, რომელიც 1912 წელს დაარსდა, ევროპის დიპლომის კანდიდატია და IUCN-ის მწვანე სიის კანდიდატურის ფაზაშია.
საერთაშორისო ექსპერტების მასპინძლობა მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა საქართველოს დაცული ტერიტორიების მიღწევების წარმოსაჩენად და მათი საერთაშორისო აღიარების ხელშეწყობისთვის.