კულტურის სამინისტროსა და შემოქმედებითი საქართველოს მხარდაჭერით, თბილისის კამერული მუსიკის XX ფესტივალი ტარდება
კულტურის სამინისტროსა და შემოქმედებითი საქართველოს მხარდაჭერით, თბილისის კამერული მუსიკის XX ფესტივალი ტარდება. ფესტივალი თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელმწიფო კონსერვატორიის პარტნიორობით, მის დიდსა და მცირე დარბაზებში იმართება. თბილისის კამერული მუსიკის ფესტივალი დაარსდა 2006 წელს.
ფესტივალის ორგანიზატორია საქართველოს მუსიკალური საზოგადოება, ხოლო სამხატვრო ხელმძღვანელი - ამავე საზოგადოების თავმჯდომარე მანანა ახმეტელი.
ფესტივალი მიზნად ისახავს კამერული მუსიკის პოპულარიზაციასა და საქართველოში ანსამბლური საშემსრულებლო ხელოვნების განვითარებას.
საფესტივალო კონცერტებზე სხვადასხვა ეპოქისა და სტილის, მათ შორის ნაკლებად ცნობილ და უცნობ ნაწარმოებებს სხვადასხვა შემადგენლობის ანსამბლები შეასრულებენ.
თბილისის კამერული მუსიკის ფესტივალში მონაწილეობენ გამოჩენილი ინსტრუმენტალისტები და ვოკალისტები, საზღვარგარეთიდან მოწვეული აკორდეონისტი და საზღვარგარეთ მოღვაწე ჩვენი ცნობილი თანამემამულეები. სახელოვან ოსტატებს მხარს უბამენ ახალგაზრდა შემსრულებლები და ნიჭიერი მოზარდები, რაც მათთვის დიდი სკოლაა. დღეს ეს უკვე ტრადიციაა!
ფესტივალს მხარდამჭერია საქართველოს კულტურის სამინისტრო, შემოქმედებითი საქართველო, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახური.
„თბილისის კამერული მუსიკის XX ფესტივალი“ ჩატარდება 2026 წლის 28-31 ოქტომბერსა და 3, 4, 7, 10 ნოემბერს, კონსერვატორიის დიდ და მცირე დარბაზებში.