კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, 4-8 ნოემბერს თბილისის ვოკალისტთა IV საერთაშორისო კონკურსი OPERA CROWN გაიმართება
კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, 4-8 ნოემბერს თბილისის ვოკალისტთა IV საერთაშორისო კონკურსი OPERA CROWN გაიმართება. პროექტის ორგანიზატორი და მასპინძელია თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო პროფესიული თეატრი, - აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას კულტურის სამინისტრო ავრცელებს.
წელს კონკურსში მსოფლიოს 22 ქვეყნიდან 41 ახალგაზრდა მომღერალი მიიღებს მონაწილეობას.
კონკურსანტებს შეაფასებს ჟიური, რომლის შემადგენლობაში მსოფლიოს საუკეთესო საოპერო თეატრებისა და სააგენტოების ხელმძღვანელები არიან. ჟიურის თავმჯდომარეა თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი ბადრი მაისურაძე.
„წელს, 300-ზე მეტი აპლიკანტიდან 41 ახალგაზრდა შეირჩა. მჯერა, საერთაშორისო ჟიური ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ ჯანსაღი კონკურენციის პირობებში, ახალგაზრდა ხელოვანებს კიდევ გაუხსნას გზა მსოფლიო სცენებისკენ“, - განაცხადა ვოკალისტთა IV საერთაშორისო კონკურსთან დაკავშირებით გამართულ პრესკონფერენციაზე კულტურის მინისტრმა თინათინ რუხაძემ.