კრწანისის რაიონში წინანაურის ქუჩის სრული რეაბილიტაცია ხორციელდება
კრწანისის რაიონში, წინანაურის ქუჩაზე მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება, რომელიც ქუჩის სრულ რეაბილიტაციას ითვალისწინებს, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, გათვალისწინებულია მიწისქვეშა კომუნიკაციების განახლებაც.
„ყველგან, სადაც რეაბილიტაციის მიზნით შევდივართ, პირველ რიგში, მიწის ქვემოთ არსებულ ინფრასტრუქტურას ვაწესრიგებთ. პროექტის ფარგლებში სრულად განახლდება მიწისქვეშა კომუნიკაციები, რომელიც ძალიან მძიმე
მდგომარეობაშია. მოეწყობა სანიაღვრე ქსელი და 8 000 კვადრატულ მეტრ ფართობზე დაიგება ასფალტის საფარი. ასევე, მოწესრიგდება საფეხმავლო და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა, მოეწყობა გარე განათების ქსელი და გრუნტის დამჭერი მონოლითური კედლები“, - განაცხადა თბილისის მერმა.
მისივე თქმით, ამ ეტაპზე სამუშაოები აქტიურ ფაზაშია, კერძოდ, ხორციელდება მიწისქვეშა კომუნიკაციებისა და სანიაღვრე ქსელის მოწყობა, რის შემდეგაც საგზაო ინფრასტრუქტურა რეაბილიტირდება.