კონსტანტინე გამსახურდია განმარტავს, თუ რას ნიშნავდა ზვიად გამსახურდიასთვის დასავლეთი: ზვიად გამსახურდიას პოლიტიკის უმთავრესი პრინციპი იყო სუვერენიტეტი, კერძოდ, ყველა გადაწყვეტილება მიღებული ყოფილიყო საქართველოში და არა სხვაგან

„ზვიად გამსახურდიას პოლიტიკის უმთავრესი პრინციპი იყო სუვერენიტეტი, კერძოდ, ყველა გადაწყვეტილება მიღებული ყოფილიყო საქართველოში და არა სხვაგან. ამისთვის იბრძოდა ის და სწორედ ეს გახადა მან ქართული პოლიტიკის პრინციპად“, - ამის შესახებ კონსტანტინე გამსახურდიამ გადაცემაში „ისტორია დეტალებში“ ისაუბრა.
მან აღნიშნა, რომ ზვიად გამსახურდიასთვის დასავლეთი ნიშნავდა არა ცრუ ღირებულებებზე დამყარებულ ორიენტაციას, არამედ ღია და დემოკრატიული საზოგადოების აშენებას იმ ფილოსოფიური, სოციალური და სამართლებრივი საფუძვლებით, რაც უაღრესად ახლოა ჩვენთვის, ქართველებისთვის.
„რაც შეეხება დასავლეთთან ურთიერთობას - მე მინდა გაგაცნოთ მისი გამონათქვამი დასავლეთის შესახებ, ზოგადად, რა არის დასავლეთი და როგორი დამოკიდებულება ჰქონდა მას დასავლეთის მიმართ: „ახლა კარგად გავერკვეთ, თუ რას ნიშნავს დასავლური ორიენტაცია. ზოგიერთებს ეს ჰგონიათ დასავლეთის პორნოგრაფიული და სადისტური ფილმების კულტი, განგსტერების ჰეროიკა, მოდების წამხედურობა, ხელგაშლილი დგომა კრედიტების მოლოდინში, საეჭვო გარიგებები პოლიტიკურ ავანტიურისტებთან და მათთან კავშირში ეროვნული სიმდიდრის განიავება. ასეთ დასავლურ ორიენტაციას ვგმობთ ჩვენ.
ამასთან, დასავლეთის კულტურა, ცივილიზაცია, ხელოვნება, პოლიტიკური ნააზრევი, ფილოსოფია, სოციალური და სამართლებრივი სისტემები უაღრესად ახლოა ჩვენთვის. ჩვენი თვალსაზრისით, ამის ათვისება და გათავისება, დასავლური ღია დემოკრატიული საზოგადოების აშენება არის დასავლური ორიენტაცია და არა სხვა რამ“,- განაცხადა კონსტანტინე გამსახურდიამ გადაცემაში „ისტორია დეტალებში“.