კობა კობალაძე ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ჩინეთის საგანგებო სიტუაციების მართვის სამინისტროს სახანძრო და სამაშველო ინსტიტუტს ესტუმრა
ჩინეთის დედაქალაქ პეკინში ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის, გენერალ-მაიორ კობა კობალაძის ოფიციალური ვიზიტი გრძელდება.
15 სექტემბერს, გენერალი კობალაძე და მისი თანმხლები დელეგაცია, ჩინეთის ერთ-ერთ უდიდეს სასწავლო დაწესებულებას, ჩინეთის საგანგებო სიტუაციების მართვის სამინისტროს სახანძრო და სამაშველო ინსტიტუტს ესტუმრა.
სწორედ, ამ აკადემიაში გადის 16-დღიან სპეციალურ, საწრთვნელ კურსებს ა(ა)იპ „ახალგაზრდობა და ვეტერანები ეროვნული თავდაცვისა და უსაფრთხოებისათვის“ მოხალისეთა გადამზადების გომბორის ცენტრის 8 და, ასევე, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 4 წარმომადგენელი.
ინსტიტუტის კედლებში, საპატიო ქართველ სტუმარს მასპინძლობას უწევდა ჩინეთის საგანგებო სიტუაციების მართვის სამინისტროს საერთაშორისო თანამშრომლობის დეპარტამენტის დირექტორი, ლაი ჰონგჯოუ, ამავე დეპარტამენტის ორმხრივი თანამშრომლობის დირექტორი გაო კუნი და ჩინეთის საგანგებო სიტუაციების მართვის სამინისტროს სახანძრო და სამაშველო ინსტიტუტის დირექტორი, ქსუ ვეი.
„ჩინეთში, სადაც ცალკეულ პროვინციებში საკმაოდ ხშირია ტყის ხანძრები, უხვი ნალექითა და მიწისძვრებით გამოწვეული სტიქიური მოვლენები, ხელისუფლება განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს ჩვენი ინსტიტუტის სასწავლო და მატერიალურ- ტექნიკური ბაზის მოდერნიზებას და პროფესიონალ მაშველ-მეხანძრეთა ყველაზე თანამედროვე სტანდარტებით მომზადებას”,- აღნიშნა ინსტიტუტის საქმიანობაზე საუბრის დროს ბატონმა გაო კუნმა.
გენერალ კობა კობალაძესთან ერთად შეხვედრას ესწრებოდნენ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში საქართველოს დესპანი ბესიკ შარაშენიძე, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის საერთაშორისო თანამშრომლობის, პროტოკოლისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველოს კოორდინატორი კობა ლიკლიკაძე და საერთაშორისო სამმართველოსა და პროტოკოლის განყოფილების უფროსი, მარიამ ადამაშვილი.
ქართველ სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ, დაეთვალიერებინათ პრაქტიკული მეცადინეობისთვის მოწყობილი სივრცეები, სადაც საგანგებო სიტუაციების მართვის სამინისტროს სახანძრო და სამაშველო ინსტიტუტის გამოცდილი ინსტრუქტორები მომავალ მეხანძრე-მაშველებს ტრადიციული მეთოდების გარდა, სიმულაციური წვრთნებითა და რობოტული ტექნოლოგიებით შეასწავლიან სტიქიასთან ბრძოლის მეთოდებს.
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, გენერალ-მაიორმა კობა კობალაძემ ჩინელ კოლეგებს მადლობა გადაუხადა გულთბილი მასპინძლობისა და განსაკუთრებით იმისთვის, რომ „სწორედ ამ სასწავლებლის კედლებში ასეთი ცოდნით გამდიდრებული 12 ქართველი ინსტრუქტორი, სამკვირიანი სასწავლო პროგრამის დასრულების შემდეგ, მალე დაგვიბრუნდება საქართველოში”.
მასპინძლებმა გამოთქვეს მზადყოფნა, რომ შემდგომშიც გაგრძელდეს დაჩქარებული სასწავლო პროგრამით ქართველი მსმენელების მომზადება. ჩინეთის მხარე, ასევე, განიხილავს საქართველოსთვის გარკვეული სამაშველო აღჭურვილობის გადაცემის საკითხს.