კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტი: პატრიარქი ილია II განსაკუთრებული ფიგურა იყო არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ მთელი მართლმადიდებლური სამყაროსთვის
სრულიად საქართველოს პატრიარქის ილია II გარდაცვალების ცნობის მიღების შემდეგ კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტმა ეპიფანემ სამძიმრის წერილი გაავრცელა.
„ღრმა მწუხარებით მივიღე ცნობა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II გარდაცვალების შესახებ. იგი იყო გამორჩეული სულიერი ლიდერი, რომლის ცხოვრებაც ღმერთის, ეკლესიისა და ქართველი ხალხის მსახურებას მიეძღვნა.
ათწლეულების განმავლობაში მისი მოღვაწეობა მიმართული იყო რწმენის გამტკიცებისა და ათეისტური რეჟიმის შემდგომ საზოგადოების სულიერი აღორძინებისკენ. ხაზგასასმელია მისი მხარდაჭერა უკრაინისადმი რუსეთის სრულმასშტაბიანი აგრესიის პირობებში.
პატრიარქის მსახურება ბევრისთვის იყო იმედის მომცემი, განსაცდელისა და ომების დროს. პატრიარქი ილია II განსაკუთრებული ფიგურა იყო არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ მთელი მართლმადიდებლური სამყაროსთვის“ - წერს კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტი.
ცნობისთვის, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე 17 მარტს, 93 წლის ასაკში გარდაიცვალა.
საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის, დეკანოზ ილია ჯაღმაიძის განცხადებით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს 18 მარტს, სამების საკათედრო ტაძარში დაასვენებენ.