ხელოვნების სასახლეში გამოფენა - „დაბრუნებული საუნჯე“ - გაიხსნა
ხელოვნების სასახლეში კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით მუზეუმის მიერ ევროპისა და საქართველოს კერძო კოლექციებიდან და გალერეებიდან შესყიდული ისტორიული ექსპონატებისა და დასავლეთევროპული ხელოვნების ნიმუშების გამოფენა - „დაბრუნებული საუნჯე“ - გაიხსნა.
საქართველოში დაბრუნებული საუნჯე კულტურის მინისტრმა თინათინ რუხაძემ პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილის მეუღლესთან თამარ ბაგრატიონთან და ხელოვნების სასახლის დირექტორთან გიორგი კალანდიასთან ერთად დაათვალიერა.
1921 წლის საბჭოთა ოკუპაციის პერიოდში საქართველოდან გატანილი და უცხოეთში გაყიდული, აგრეთვე, საბჭოთა ეპოქაში გასხვისებული ნამუშევრები მუზეუმს 2025 წელს საქართველოს კულტურის მინისტრის თინათინ რუხაძის ინიციატივით დაუბრუნდა.
ექსპოზიციაზე წარმოდგენილია იტალიაში, საფრანგეთსა და ნიდერლანდებში XV-XlX საუკუნეებში შექმნილი, დასავლეთევროპული ხელოვნების სხვადასხვა ჟანრის ამსახველი ფერწერული ტილოები; ნაპოლეონ I-ის, ალექსანდრე დიუმასა და იოაჰიმ მიურატის ხელნაწერები და ნიკო დადიანის კუთვნილი, XVIII საუკუნის უნიკალური ქართული ხელნაწერი - „იამბიკონი და იკოსნი წმიდისა ღმრთისმშობლისანი“, ასევე, ძვ. წ. IV საუკუნის ანტიკური ხანის მოხატული სკიფოსი (ღვინის ჭურჭელი).
„ხელოვნების სასახლის გუნდმა ძალიან ბევრი იშრომა, რათა ეს უმნიშვნელოვანესი ნამუშევრები საქართველოში დაგვებრუნებინა. ისინი ნამდვილად დაამშვენებდა მსოფლიოს უდიდეს გალერეებსა და მუზეუმებს, ამიტომ ჩვენს ქვეყანას ვულოცავ ამ დიდ წარმატებას.
კულტურის სამინისტრო მომავალშიც გააგრძელებს ასეთი პროექტების აქტიურ მხარდაჭერას“, - განაცხადა თინათინ რუხაძემ.
გამოფენა ასევე დაათვალიერეს: კულტურის მინისტრის პირველმა მოადგილემ მაკა გურგენიძემ, პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ნინო წილოსანმა, პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ გიორგი გაბუნიამ, საკანონმდებლო ორგანოს წევრებმა.