ხათუნა ზახაშვილი: გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დაავადების პრევენციის პირდაპირი და ეფექტიანი საშუალებაა, ვაქცინაცია ყოველწლიურად არის რეკომენდებული, რადგან გრიპის ვირუსები მუდმივად იცვლება და ერთი ტიპის ვირუსით ინფიცირება სხვა ტიპებისგან არ გვიცავს
„გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დაავადების პრევენციის პირდაპირი და ეფექტიანი საშუალებაა. ვაქცინაცია ყოველწლიურად არის რეკომენდებული, რადგან გრიპის ვირუსები მუდმივად იცვლება და ერთი ტიპის ვირუსით
ინფიცირება სხვა ტიპებისგან არ გვიცავს“, - აღნიშნულის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსმა ხათუნა ზახაშვილმა
განაცხადა, სადაც სეზონური გრიპის გავრცელებისა და ვაქცინაციის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
მისი განმარტებით, ვაქცინა ყველა მოქალაქისთვის უფასოა და სრულად ფინანსდება სახელმწიფოს მიერ. გრიპის სეზონად, როგორც წესი, ოქტომბრის მეორე ნახევრიდან გაზაფხულის დასრულებამდე პერიოდი მიიჩნევა. ამ
პერიოდში, დაახლოებით 5-8 კვირის განმავლობაში, გრიპის შემთხვევების განსაკუთრებით მაღალი მაჩვენებელი ფიქსირდება. თუმცა გრიპის ვირუსი გარემოში მუდმივად ცირკულირებს და მისი გავრცელების ინტენსივობა სეზონურად იცვლება.
„გრიპი სხვა რესპირაციული ვირუსებისგან იმითაც განსხვავდება, რომ ადამიანს მისი გადატანა წელიწადში რამდენჯერმეც შეიძლება მოუწიოს. დაავადება ზოგ შემთხვევაში მსუბუქად მიმდინარეობს, თუმცა შესაძლოა, გართულდეს, საჭირო გახდეს ჰოსპიტალიზაცია და სპეციალიზებული სამედიცინო დახმარება“, - განაცხადა ხათუნა ზახაშვილმა.
გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაში შემავალი შტამების შერჩევა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციების საფუძველზე ხდება. სეზონის დაწყებამდე საერთაშორისო ექსპერტები აანალიზებენ მსოფლიოში გრიპის ვირუსების ცირკულაციას, აფასებენ გავრცელებულ შტამებს და პროგნოზირებენ, რომელი მათგანი შეიძლება დომინირებდეს მომდევნო სეზონზე. სწორედ ამ რეკომენდაციების გათვალისწინებით მზადდება სეზონური ვაქცინები.
„თუ ერთი ტიპის გრიპის ვირუსს გადავიტანთ, ეს არ ნიშნავს, რომ სხვა ტიპებისგან დაცულები ვართ. შესაბამისად, ერთი სეზონის განმავლობაში შესაძლებელია სხვადასხვა ტიპის გრიპით განმეორებითი ინფიცირება“, - აღნიშნა
ხათუნა ზახაშვილმა.
მისივე თქმით, გრიპის გადატანისა და გამოჯანმრთელების შემდეგ ვაქცინაციის ჩატარება უსაფრთხოა და რეკომენდებულია. გრიპის საწინააღმდეგო იმუნიზაცია კი ყოველწლიურად არის მნიშვნელოვანი, რადგან ვაქცინა კონკრეტული სეზონისთვის მოსალოდნელი ვირუსებისგან დაცვის მიზნით მზადდება.
ვაქცინაციის სერვისის მიმწოდებელი სამედიცინო დაწესებულებებისა და პოლიკლინიკების შესახებ ინფორმაცია იხილეთ მითითებულ ბმულზე.