Loading data...
ქართული დიასპორის წარმომადგენლები, ქართველი ემიგრანტების სახელით, ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს მიმართ გავრცელებულ განცხადებას ემიჯნებიან

სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრები ქართული დიასპორის წარმომადგენლები, ქართველი ემიგრანტების სახელით, ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს მიმართ გავრცელებულ განცხადებას ემიჯნებიან. საქმე ეხება მედიაში გაჟღერებულ ინფორმაციას, რომ ქართველმა ემიგრანტებმა, თითქოსდა, ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს „ქართული ოცნების“ დასანქცირების მოთხოვნით მიმართეს. 

სწორედ, აღნიშნულ განცხადებასთან დაკავშირებით, მსოფლიოს სხვადასხვა წერტილიდან, ქართველმა ემიგრანტებმა სოციალური ქსელის დახმარებით, არაერთი წერილი გამოაქვეყნეს და ხაზგასმით აღნიშნეს, რომ მათ არაფერი აქვთ საერთო ოპოზიციურად განწყობილი მედიის მიერ გამოქვეყნებულ ცნობასთან. 

ქართველი ემიგრანტები წერენ, რომ ისინი დაუშვებლად მიიჩნევენ და ემიჯნებიან მოთხოვნებს, მათ შორის საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ ცალკეული ზომების გატარების შესახებ.

მათი თქმით, აღნიშნული მოთხოვნა მიმართულია საქართველოს იმიჯის დაზიანებისკენ და ემსახურება კონკრეტული ჯგუფების ვიწრო პოლიტიკურ ინტერესებს. განცხადება გავრცელდა როგორც ინდივიდუალური პირების, ისე რამდენიმე დიასპორული ორგანიზაციის სახელით.

დიასპორული მედია მაუწყებელი DIASPORA.GE წერს, რომ ემიჯნებიან განცხადებას, თითქოს ემიგრანტები ითხოვენ ევროკავშირისგან, დასანქცირდეს საქართველოს ხელისუფლება. ჩვენ, საბერძნეთის რესპუბლიკაში მცხოვრები ემიგრანტები ვემიჯნებით განცხადებას, რომელიც გაკეთდა გარკვეული ჯგუფის მიერ, თითქოს ქართული დიასპორა და ემიგრაცია ემიჯნება ქართულ სახელმწიფოს და ევროკავშირს სთხოვს დაუწესოს სანქციები მას.

ჩვენ საბერძნეთში მცხოვრები ქართველი ემიგრანტები არ ვიზიარებთ ამ განცხადებას და ვგმობთ, ემიგრაციის სახელით გაკეთებულ მსგავს პეტიციას“, – ნათქვამია საბერძნეთის ქართული დიასპორული ორგანიზაციების ალიანსის მიერ გაკეთებულ განცხადებაში.

განცხადებები გაავრცელეს, ასევე, სოციალური ქსელის მომხმარებელმა ემიგრანტებმაც.

„ესპანეთში მცხოვრები ემიგრანტები ემიჯნებიან განცხადებას რომელიც გაკეთდა გარკვეული ჯგუფის მიერ, თითქოს ემიგრაცია ემიჯნება სახელმწიფოს და ევროკავშირს სთხოვს დაუწესოს სანქციები. ჩვენ არ ვიზიარებთ ამ განცხადებას და ვგმობთ, ემიგრაციის სახელით გაკეთებულ მსგავს პეტიციას“, - წერია Facebook ჯგუფის „ქართველები ბარსელონაში“ მიერ გავრცელებულ წერილში.

„მე, თესალონიკში მცხოვრები ემიგრანტი, ვემიჯნები ყველა პოლიტიკურ და არაპოლიტიკურ განცხადებას, რომელსაც გარკვეული ჯგუფები ავრცელებენ მთელი ემიგრაციის სახელით! არავის აქვს უფლება სხვისი სახელით ცრუ განცხადებები გაავრცელოს და მთელი ემიგრაციის სახელით ილაპარაკოს! თითქოს, ემიგრაცია ემიჯნება სახელმწიფოს და ევროკავშირს სთხოვს, დაუწესოს სანქციები. მე არ ვიზიარებ ამ განცხადებას“, - აღნიშნულია Facebook მომხმარებლის თესალონიკიდან გავრცელებულ წერილში.

„პოლონეთში ქართული დიასპორა არ მონაწილეობს მსგავს ინიციატივებში და მკაცრად ემიჯნება ასეთ მოწოდებებს. ჩვენი დიასპორის საქმიანობის მიზანია საქართველოს მხარდაჭერა საერთაშორისო ასპარეზზე, პოლონეთთან მეგობრული ურთიერთობების გაღრმავება და პოზიტიური ცვლილებების ხელშეწყობა“, - წერს პოლონეთის ქართული დიასპორის სახელით სოციალური ქსელის მომხმარებელი.

„მსგავსი გზავნილები კატეგორიულად მიუღებელია და ჩვენ არ ვიზიარებთ ამ მიმართვის არც შინაარსს და არც ტონს. ვგმობთ ნებისმიერ მცდელობას, ემიგრაციის სახელით გაკეთდეს განცხადებები, რომლებიც დიასპორის საერთო აზრს არ გამოხატავს“, - მსგავსი შინაარსით აქვეყნებს წერილს ესპანეთში მცხოვრები ქართული დიასპორა.

„ეს არის სრული სისულელე. თესალონიკის ემიგრაცია, რა თქმა უნდა, არ ვიზიარებთ, ვგმობთ და ვემიჯნებით ჩვენი სახელით გაკეთებულ პეტიციას!!!“, - მორიგი განცხადება თესალონიკიდან.

გავრცელებულ განცხადებას ამერიკაში მცხოვრები ქართველებიც გამოეხმაურნენ. „ამერიკაში მცხოვრები ემიგრანტები ემიჯნებიან განცხადებას, რომელიც გაკეთდა გარკვეული ჯგუფის მიერ, თითქოს ემიგრაცია ემიჯნება სახელმწიფოს და ევროკავშირს სთხოვს დაუწესოს სანქციები!!! ჩვენ არ ვიზიარებთ ამ განცხადებას და ვგმობთ, ემიგრაციის სახელით გაკეთებულ მსგავს პეტიციას“, - აღნიშნულია წერილში.

განცხადებები მთელი დღის განმავლობაში ვრცელდებოდა როგორც ინდივიდუალური პირების, ისე რამდენიმე დიასპორული ორგანიზაციის სახელით, მათ შორის არის იყვნენ:

  • დიასპორული მედია მაუწყებელი DIASPORA.GE
  • ქართული დიასპორის საზოგადოებრივი ცენტრი
  • საქართველო-საბერძნეთის მეგობრობის ასოციაცია
  • ევროპის ქველმოქმედ ქალთა კავშირი
  • დიასპორული ორგანიზაცია ესპანეთში - „Asociación de la Republica de Georgia e Inmigrantes“
  • „პოლონეთის ქართული დიასპორა“
  • მილანის სამშობლო გულით სატარებელი