კახა კალაძე: უბედურმა შემთხვევებმა, რომლებიც თბილისში მოხდა, პირადად მე დამანგრია, გამანადგურა, როგორც ადამიანი

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, იმ უბედურმა შემთხვევებმა, რომლებიც მისი მერობის პერიოდში დედაქალაქში მოხდა, ის, როგორც ადამიანი, გაანადგურა.
ამის შესახებ კალაძემ „რუსთავი 2“-ის პირდაპირ ეთერში განაცხადა, სადაც დედაქალაქში პროექტების განხორციელების დროს უსაფრთხოების ნორმების დაცვის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
„ხომ წარმოგიდგენიათ, რამდენ პროექტს ვახორციელებთ წლის განმავლობაში? 8 წლის განმავლობაში მათი რიცხვი კიდევ უფრო მასშტაბურია. იმ სამწუხარო, უბედურმა შემთხვევებმა, რაც თბილისში მოხდა, პირადად მე დამანგრია, გამანადგურა, როგორც ადამიანი. ყოველთვის ყველაზე მთავარი, რაზეც განსაკუთრებულად ვსაუბრობთ, სანამ სამუშაოები დაიწყება, ეს არის უსაფრთხოება. ადამიანები ვართ, ყველას მოსდის შეცდომა, იმ კომპანიებსაც შეიძლება შეცდომა მოუვიდეს, რომლებიც მუშაობენ, მაგრამ, გულწრფელად გეუბნებით, ძირითადი ყურადღება ეთმობა უსაფრთხოების ნორმების მაქსიმალურად გათვალისწინებას“, - განაცხადა კახა კალაძემ.