კახა კალაძე: მეუღლესთან და უმცროს შვილთან ერთად, რიადიდან ჩამოვფრინდით სტამბოლის აეროპორტში და თბილისში ვბრუნდებით
თბილისის მერმა კახა კალაძემ თანამოქალაქეებს სოციალურ ქსელში პირდაპირი ეთერის საშუალებით სტამბოლის აეროპორტიდან მიმართა.
„გადავწყვიტე, ვიდეო ჩამეწერა, რადგან უამრავი ადამიანი ინტერესდება, როგორ ვარ, სად ვარ, როდის ვბრუნდები თბილისში. ახლა სტამბოლის აეროპორტში ვარ მეუღლესთან და უმცროს შვილთან ერთად და თბილისში ვბრუნდებით“, - განაცხადა კახა კალაძემ.
მანვე განმარტა, რა გზით არის შესაძლებელი ქართველების საქართველოში დაბრუნება მასკატიდან და რიადიდან.
„ახლო აღმოსავლეთში მძიმე სიტუაციაა. ვიცი, რომ ბევრი ჩვენი თანამოქალაქე დუბაიში, აბუ-დაბიში იმყოფებოდა. საქართველოს მთავრობამ ჩარტერული რეისები დააორგანიზა იმისთვის, რომ ისინი დაბრუნდნენ სამშობლოში, რისთვისაც პრემიერ-მინისტრს დიდ მადლობას გადავუხდი. ვისაც დაბრუნების სურვილი გაქვთ, საქართველოს საელჩოს უნდა მიმართოთ და ისარგებლეთ აღნიშნული შესაძლებლობით. ფრენები არის მასკატიდან, სადაც მოხვედრა მანქანით არის შესაძლებელი, გზა არის უსაფრთხო. ჩვენ რიადში გადავფრინდით, საიდანაც სტამბოლში ჩავფრინდით და დღეს ღამე თბილისში ვიქნებით. მშვიდობას ვუსურვებ მსოფლიოს!“, - აღნიშნა კახა კალაძემ.