Loading data...
კახა კალაძე: მადლობა ვილის იმ დაუვიწყარი მატჩებისთვის, როცა საქართველოს ნაკრებს მთელი ქვეყანა ერთ მუშტად შეკრული გულშემატკივრობდა - დღეს მთელმა მსოფლიომ იცის საქართველოს საფეხბურთო ნაკრების შესახებ და ამაში სანიოლის წვლილი მნიშვნელოვანია

ვილი სანიოლო და კახა კალაძე

„მადლობა ვილის იმ დაუვიწყარი მატჩებისთვის, როცა საქართველოს ნაკრებს მთელი ქვეყანა ერთ მუშტად შეკრული გულშემატკივრობდა“, - წერს თბილისის მერი კახა კალაძე სოციალურ ქსელში.

მისი თქმით, საქართველო არ ივიწყებს ადამიანებს, რომლებმაც ჩვენი ქვეყნის წარმატების ისტორიაში თავიანთი ფურცელი დატოვეს.

„მინდა, მადლობა გადავუხადო ადამიანს, რომელიც ქართულ ფეხბურთში თავისი ისტორიითა და წარმატებებით მოვიდა და საქართველოს ეროვნულ ნაკრებში საკუთარი კვალი დატოვა.

2021 წელს, როცა ვილი სანიოლი მთავარ მწვრთნელად მოვიდა, ჩვენი ნაკრებისთვის რთული პერიოდი იყო. მან გუნდის მართვასთან ერთად უმნიშვნელოვანესი რამ გააკეთა - ჩვენს ბიჭებს დაუბრუნა რწმენა, ბრძოლის უნარი და გაუჩინა განცდა, რომ ყველა ოცნების ასრულება შესაძლებელია.

რა თქმა უნდა, ვილი სანიოლის სახელთან მუდამ იქნება დაკავშირებული დღე, როცა საქართველომ პირველად მოიპოვა ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე თამაშის უფლება. შემდეგ კი იყო დაუვიწყარი გამარჯვება პორტუგალიასთან და ისტორიული გასვლა მერვედფინალში. დღეს მთელმა მსოფლიომ იცის საქართველოს საფეხბურთო ნაკრების შესახებ და ამაში სანიოლის წვლილი მნიშვნელოვანია.

მადლობა ვილის იმ დაუვიწყარი მატჩებისთვის, როცა საქართველოს ნაკრებს მთელი ქვეყანა ერთ მუშტად შეკრული გულშემატკივრობდა.

საქართველო არ ივიწყებს ადამიანებს, რომლებმაც ჩვენი ქვეყნის წარმატების ისტორიაში თავიანთი ფურცელი დატოვეს.

ვილი სანიოლი და მისი სამწვრთნელო გუნდი სამუდამოდ დარჩება ჩვენი ქალაქის, ქვეყნისა და ფეხბურთის ისტორიის განუყოფელ ნაწილად. მადლობა!“, - წერს კახა კალაძე.

ცნობისთვის, საქართველოს ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებს 2028 წლის ბოლომდე ქართველი სპეციალისტი რამაზ სვანაძე უხელმძღვანელებს. სვანაძე მთავარი მწვრთნელის პოსტზე ფრანგ ვილი სანიოლს შეცვლის.