ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის მიზნით სასკოლო ფესტივალი გაიმართა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი ალექსანდრე წულაძე, საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტ დავით კაჭარავასთან ერთად, სკოლის მოსწავლეებისთვის გამართულ სპორტულ
ფესტივალს დაესწრო.
ალექსანდრე წულაძე ფესტივალის „სპორტის მრავალსახეობა სკოლაში“ ფარგლებში ჩატარებულ აქტივობებს გაეცნო და მონაწილეებს ჯანსაღი ცხოვრების წესისა და სპორტულ ღონისძიებებში ჩართულობის მნიშვნელობაზე გაესაუბრა. მინისტრმა მოსწავლეების მოსაზრებები მოისმინა და მათი მხრიდან დასმულ შეკითხვებს უპასუხა.
ფესტივალის მიზანს წარმოადგენს მოზარდებისთვის სპორტის მრავალსახეობის გაცნობა და უსაფრთხო და სახალისო ვარჯიშების მეშვეობით მათი სპორტთან დაახლოება. ამასთან, მოსწავლეებში ისეთი ღირებულებითი სისტემის ჩამოყალიბება, რომელიც გუნდურობის, დისციპლინისა და სპორტული ქცევის გამომუშავებას უწყობს ხელს.
„სპორტის მრავალსახეობა სკოლაში“ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ, საქართველოს რაგბის კავშირთან ერთად ხორციელდება და მასში საქართველოს მასშტაბით 150 საჯარო სკოლაა ჩართული.
აქვე შეგახსენებთ, რომ 2022-2023 წლიდან, საჯარო სკოლებში დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებისთვის სპორტის მიმართულებებს, ე.წ. „თეგ რაგბი“, ანუ უკონტაქტო რაგბი დაემატა. „თეგ რაგბის“ ეროვნული სასწავლო გეგმის ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სტანდარტით არის გათვალისწინებული, რითაც მოზარდებში ფიზიკური თვისებებისა და ძირითადი ტექნიკური უნარების განვითარება ხორციელდება.