Loading data...
ჯანმრთელობის ხელშეწყობისა და დაავადებათა პრევენციის საკონსულტაციო საბჭოს სხდომა გაიმართა

მე-11 მოწვევის პარლამენტში, ჯანმრთელობის ხელშეწყობისა და დაავადებათა პრევენციის საკონსულტაციო საბჭოს პირველი სხდომა გაიმართა.

სხდომაზე დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილეებმა - პაატა იმნაძემ და ირმა ხონელიძემ ტყვიით მოშხამვის პრევენციის და ტყვიაზე მდგრადი ზედამხედველობის სისტემის დანერგვის მიმდინარეობაზე ისაუბრეს. ასევე, საკონსულტაციო საბჭოს წევრებს საქართველოში არაგადამდებ დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის ეროვნული სტრატეგია 2023-2030-ისა და 2023-2025 წლების სამოქმედო გეგმის აღსრულების მიმდინარეობაზე ინფორმაცია გააცნეს.

სხდომაზე, გულ-სისხლძარღვთა დაავადებების პრევენციის მიზნით, მარილის მოხმარების და მისი შემცირების მნიშვნელობაზე პრეზენტაცია მოისმინეს.

როგორც ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ზაზა ლომინაძემ აღნიშნა, ქვეყანაში გამოწვევები ჯერ ისევ არსებობს და პრევენციული ღონისძიებები ისევ აქტიურად უნდა გაგრძელდეს.

„მიუხედავად იმისა, რომ თბილისში, ბათუმში თუ გორში ჰაერში და ნიადაგში ტყვიის რაოდენობა ნაკლებია, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ამ ქალაქებში ჩვენ გამოწვევების წინაშე არ ვდგავართ. ამ შემთხვევაში, თანაბარი სოციალური პოლიტიკა, თანაბარი სამედიცინო მომსახურება და პროგრამებზე ხელმისაწვდომობა უმნიშვნელოვანესია, რათა მთელი საქართველოს მასშტაბით მდგომარეობა თანაბარი იყოს“, - განაცხადა ზაზა ლომინაძემ.

როგორც სხდომაზე აღინიშნა, განსახილველი თემები ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის 2025 წლის საქმიანობის სამოქმედო გეგმით არის განსაზღვრული და აღნიშნულ საკითხებზე თემატურ მოხსენებებს კომიტეტი სხვადასხვა ფორმატით ეცნობა.

საკონსულტაციო საბჭოს სხდომას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ირაკლი სასანია, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრი ნინო ნიჟარაძე, UNICEF -ის წარმომადგენელი საქართველოში იესპერ მოლერი და სამედიცინო დარგის სპეციალისტები დაესწრნენ.