იუსტიციის სამინისტროში გივი მიქანაძის თანაავტორობით გამოცემული სახელმძღვანელოს პრეზენტაცია გაიმართა

იუსტიციის სამინისტროში გივი მიქანაძის თანაავტორობით გამოცემული სახელმძღვანელოს პრეზენტაცია გაიმართა
იუსტიციის სამინისტროში პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის გივი მიქანაძის
თანაავტორობით გამოცემული სახელმძღვანელოს - „არასრულწლოვანთა დანაშაულის პრევენცია და სასჯელის აღსრულება“ პრეზენტაცია გაიმართა.
წიგნის ერთ-ერთმა ავტორმა გივი მიქანაძემ აკადემიური წრეებისთვის, არასრულწლოვანებთან მომუშავე სახელმწიფო უწყების წარმომადგენლების და ამ სფეროთი დაინტერესებული პირებისთვის წიგნის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
„სახელმძღვანელო თავისი შინაარსით უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისათვის ახალ პერსპექტივებს აჩენს. სახელმძღვანელოზე დაფუძნებით შესაძლებელია სპეციალური კურსის შემუშავება, რომელიც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების საკითხებზე, მათ შორის დანაშაულის პრევენციისა და სასჯელის აღსრულების კომპონენტებზე გაამახვილებს ყურადღებას. სახელმძღვანელოს მნიშვნელობა სცილდება მხოლოდ აკადემიურ სივრცეს, ის საინტერესო და გამოყენებადი იქნება ფართო აუდიტორიისთვის. გვჯერა, რომ სახელმძღვანელო შესაბამის გამოხმაურებას მოიპოვებს როგორც პროფესიულ წრეებში, ასევე იმ ახალგაზრდებში, რომლებიც მომავალში საქმიანობას სისხლის სამართლის მიმართულებით გეგმავენ“, - განაცხადა გივი მიქანაძემ.
წიგნში განხილულია: არასრულწლოვანთა დანაშაული და მისი პრევენცია; განრიდება და მედიაცია - აღდგენითი მართლმსაჯულება, როგორც პრევენციის საუკეთესო საშუალება; პატიმრობა/თავისუფლების აღკვეთა და სხვა.
სახელმძღვანელოს ავტორები არიან: განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი გივი მიქანაძე; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, ჰამბურგის უნივერსიტეტის სამართლის დოქტორი მორის შალიკაშვილი და საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის პროფესორი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის დოქტორი, იოსებ ვარძელაშვილი.
სახელმძღვანელო საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საგრანტო პროექტის ფარგლებში მომზადდა.
პრეზენტაციას ესწრებოდნენ: იუსტიციის მინისტრი პაატა სალია, მინისტრის პირველი მოადგილე ლაშა მაღრაძე, მინისტრის მოადგილეები: მერაბ ტურავა, გიორგი დგებუაძე, ბექა ძამაშვილი, ალექსანდრე მაისურაძე; სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორი ნიკა ცხვარაშვილი; პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი სოსიაშვილი და აკადემიური სფეროს წარმომადგენლები.