ირაკლი როსტომაშვილი: გასაკეთებელია არაპოპულარული რაღაცები, დღეს მერად მუშაობა არის სასჯელი, ხალხს თავი უნდა შეაძულო - მიშენებების, თვითნებური ნაგებობების გამო და სხვა

„მენაშენეთა ასოციაციის“ ხელმძღვანელი ირაკლი როსტომაშვილი მიიჩნევს, რომ საჭიროა ავარიული შენობების ინვენტარიზაცია და გადასადგმელია არაპოპულარული, მტკივნეული ნაბიჯები, რათა დედაქალაქში ავარიული კორპუსების პრობლემა შემცირდეს.
ამის შესახებ ირაკლი როსტომაშვილმა „ტვ პირველის“ პირდაპირ ეთერში საუბრისას განაცხადა.
„უფრო მეტი პრობლემაა ისტორიულ ზონებში, სადაც კოეფიციენტს ვერ ვზრდით. ჩემი პოზიციაა, რომ დასაწყებია დაუყოვნებლივ ინვენტარიზაცია, ეს დაახლოებით, იგივეა, როცა სახელმწიფომ დაიწყო ავტომობილებს ტექნიკური დათვალიერება, არაპოპულარული რაღაცებია გასაკეთებელი.
დღეს არჩევნებზე მერობა არის მისჯა, მერად მუშაობა არის სასჯელი, ხალხს თავი უნდა შეაძულო, მიშენებების, თვითნებურ ნაგებობების გამო და სხვა“, - აღნიშნა როსტომაშვილმა.
მისივე თქმით, ასევე, საჭიროა საზოგადოებამ გააცნობიეროს, რას ნიშნავს საკუთრების ფლობა და რა პასუხისმგებლობა გააჩნია.
„ეს არის კერძო საკუთრება და ეს უნდა უთხრას მერიამ ხალხს. ბინას როცა ყიდიან მერიას, სახელმწიფოს რამეს აძლევს? ლიფტებიც თავისია, გამგეობას რომ მიმართავენ შესაკეთებლად. მერიამ უნდა უთხრას, შეგვიძლია მოგეხმაროთ, მაგრამ ინვესტორის პოვნა თქვენი პასუხისმგებლობაა. სიმართლე მწარეა, მოსახლეობისთვის ცუდი მოსასმენი სიმართლე უნდა თქვას მერიამ“, - განაცხადა ირაკლი როსტომაშვილმა.