Loading data...
ირაკლი კობახიძე: უმაღლესი განათლების რეფორმა არის სასიცოცხლოდ აუცილებელი ჩვენი ქვეყნისთვის, თუ იქნება ჯანსაღი დისკუსია, მზად ვართ, ღია ვართ აბსოლუტურად ყველასთან მსჯელობისთვის

„უმაღლესი განათლების რეფორმას არის სასიცოცხლოდ აუცილებელი ჩვენი ქვეყნისთვის“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა დებატების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და უმაღლესი განათლების რეფორმაზე ისაუბრა.

„დებატები მნიშვნელოვანია, პირველ რიგში, იმისათვის, რომ საზოგადოებამ მიიღოს ობიექტური ინფორმაცია. ჩვენთან ეს კულტურა, სამწუხაროდ, გაქრა. ამას სჭირდება დამკვიდრება. ხშირად ვისმენთ ხოლმე მონოლოგის რეჟიმში, ხან ერთი მხარე საუბრობს, ხან მეორე და საზოგადოებას ურთულდება ასეთ პირობებში თავისი დასკვნის გამოტანა. ჭეშმარიტება იბადება დისკუსიაში და როდესაც საზოგადოებას შეუძლია თვალყური ადევნოს დისკუსიას მხარეებს შორის. ვფიქრობ, დღეს საზოგადოებამ მიიღო ბევრად მეტი ინფორმაცია, ვიდრე მონოლოგის რეჟიმში სხვადასხვა მხრიდან იღებდა მთელი ამ დროის განმავლობაში. დღეს გამოიკვეთა, სად არის არგუმენტები და სად საერთოდ არ არის არგუმენტები. არაერთხელ ვთხოვე ოპონენტებს, ესაუბრათ არგუმენტებით და რეალურად, ხშირ შემთხვევაში საერთოდ არ იყო ერთმანეთისგან დასკვნისა და არგუმენტის გარჩევა. არ შეიძლება პირდაპირ თქვა დასკვნა, თუ არ გაქვს არგუმენტები. ჩვენ ვცდილობდით და ვსაუბრობდით არგუმენტებით და საზოგადოება თავის დასკვნებს გამოიტანს ამ ყველაფერთან დაკავშირებით.

რაც შეეხება უმაღლესი განათლების რეფორმას, ეს არის უბრალოდ სასიცოცხლოდ აუცილებელი ჩვენი ქვეყნისთვის. ერთი რამეა, რაზეც ყველა ჯერდებოდა მთელი ამ დროის განმავლობაში, რომ საქართველოში ახალგაზრდა ქართველი სტუდენტი ვერ იღებს იმ ხარისხის განათლებას, რასაც მიიღებდა, მაგალითად დასავლეთ ევროპის რომელიმე ქვეყანაში. ეს ხომ რადიკალურად ცვლილებას საჭიროებს, არსებით ცვლილებას. ამაზე თუ ვთანხმდებით და ჩვენ თუ გეუბნებით ჩვენს გზას, მაშინ, ან ალტერნატიული გზა უნდა წარმოგვიდგინონ, ან უნდა გაჰყვნენ იმ
გზას, რომელიც ჩვენი მხრიდან არის შეთავაზებული. რადგან ვერ ვისმენთ ალტერნატიულ არგუმენტებს, ლოგიკურია, რომ მივყვებით იმ გზას, რომელიც არის ჩვენს კონცეფციაში ასახული.

მართლა დავდევდით არგუმენტებს, ოღონდ მოგვესმინა რაიმე არგუმენტი კონკრეტულ თემებთან დაკავშირებით. მართალია, ლოკალური იყო ეს თემები, მაგრამ კონკრეტულ თემებთან დაკავშირებით მოვისმინეთ არგუმენტები და მაშინვე დავპირდით ჩვენს ოპონენტებს, დისკუსიის მონაწილეებს, რომ მზად ვიყავით, თითოეულთან დაკავშირებით დამატებით მიგვეღო ინფორმაცია და გაგვეთვალისწინებინა საჭიროების შემთხვევაში. სრული ღიაობაა ჩვენი მხრიდან, რომ განვაგრძოთ დისკუსია ყველა თემასთან დაკავშირებით. სამწუხარო რეალობა იყო ის, რომ ჩვენ წარვადგინეთ კონცეფციის პროექტი, რომელიც ჯერ კონცეფციაც არ იყო, ყველას შევთავაზეთ საკუთარი მოსაზრებების წარდგენა. ამის ნაცვლად, დაიწყო პოლიტიკური კამპანია ამ კონცეფციის წინააღმდეგ ყოველგვარი არგუმენტების გარეშე. თუ იქნება ჯანსაღი დისკუსია, მზად ვართ, ღია ვართ აბსოლუტურად ყველასთან მსჯელობისთვის. ეს არის ჩვენი მიდგომა და დამოკიდებულება.

შეხვედრები იქნება ეს აკადემიურ სფეროსთან, რექტორებთან, უნივერსიტეტების ხელმძღვანელობასთან, ექსპერტებთან, ნებისმიერ ფორმატში ვართ მზად მსჯელობისთვის. მთავარია, რომ ეს მსჯელობა ეფუძნებოდეს არგუმენტებს”, - განაცხადა პრემიერმა.