Loading data...
ირაკლი კობახიძე: თანამედროვე ტექნოლოგიური ინფრასტრუქტურა, ძლიერი უნივერსიტეტი და საერთაშორისო დაკავშირებადობა ქმნის უნიკალურ შესაძლებლობას, ქუთაისი გახდეს ქალაქი, სადაც ცოდნა გარდაიქმნება ინოვაციად, ინოვაცია - ბიზნესად, ბიზნესი კი - შექმნის ახალ სამუშაო ადგილებს და ხელს შეუწყობს ეკონომიკურ ზრდას

„ქუთაისი ყოველთვის იყო განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კერა ჩვენს ქვეყანაში. დღეიდან კი, ტექნოლოგიური ჰაბის გახსნით, ქუთაისი ასევე, ხდება საქართველოს ტექნოლოგიური განვითარების ერთ-ერთი მთავარი ცენტრი“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბის გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, თანამედროვე ტექნოლოგიური ეკოსისტემისთვის არანაკლებ მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ციფრული, არამედ ფიზიკური დაკავშირებადობა.

„აქ იფუნქციონირებს საქართველოს ყველაზე დიდი ტექნოპარკი, ინტერაქციული სამეცნიერო და ტექნოლოგიური მუზეუმი, TUMO-ს საერთაშორისო ტექნოლოგიური სკოლა, ხელოვნური ინტელექტის გამოთვლითი ცენტრი, სტარტაპებისთვის განკუთვნილი სივრცეები და თანამედროვე ლაბორატორიები - რობოტიკის, ელექტრონიკის, დრონების, ხელოვნური ინტელექტის, ვირტუალური რეალობისა და სხვა მიმართულებებით.

ამ ეკოსისტემის განუყოფელი ნაწილი გახდება ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი, ვინაიდან ძლიერი ტექნოლოგიური ჰაბი ძლიერი უნივერსიტეტის, კვლევითი გარემოსა და კვალიფიციური ადამიანური რესურსის გარეშე ბუნებრივია, ვერ განვითარდება. ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი კი ქმნის სწორედ იმ აკადემიურ და სამეცნიერო საფუძველს, რომელიც ჰაბს მისცემს შესაძლებლობას, გახდეს არა მხოლოდ სასწავლო და სამუშაო სივრცე, არამედ კვლევის, ახალი ცოდნისა და მაღალტექნოლოგიური პროდუქტების შექმნის ცენტრი.

თანამედროვე ტექნოლოგიური ეკოსისტემისთვის არანაკლებ მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ციფრული, არამედ ფიზიკური დაკავშირებადობა. ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბს ხელს შეუწყობს, არა მხოლოდ ეროვნულ, არამედ რეგიონული მნიშვნელობის ტექნოლოგიურ ცენტრად ჩამოყალიბდეს.

თანამედროვე ტექნოლოგიური ინფრასტრუქტურა, ძლიერი უნივერსიტეტი და საერთაშორისო დაკავშირებადობა ქმნის უნიკალურ შესაძლებლობას, ქუთაისი გახდეს ქალაქი, სადაც ცოდნა გარდაიქმნება ინოვაციად, ინოვაცია - ბიზნესად, ბიზნესი კი - შექმნის ახალ სამუშაო ადგილებს და ხელს შეუწყობს ეკონომიკურ ზრდას.

მინდა, მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც ჩართული იყო ამ პროექტის წარმატებით განხორციელებაში. პირველ რიგში, მადლობა ეკუთვნის ეკონომიკის სამინისტროს, საქართველოს ეკონომიკის მინისტრ მარიამ ქვრივიშვილს. მადლობა მინისტრის მოადგილეებს, მადლობა ჯიტას, ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა თითოეულ იმ ადამიანს, რომელიც ჩართული იყო ამ ძალიან მნიშვნელოვანი პროექტის წარმატებით განხორციელებაში. მინდა, მოგილოცოთ დღევანდელი დღე და ყველას მინდა წარმატებები გისურვოთ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.