ირაკლი კობახიძე: სამცხე-ჯავახეთში დღეს გავხსენით ბორჯომის ქარხანა, გავეცანით ბორჯომის პარკის სარეაბილიტაციო სამუშაოებს და დავათვალიერეთ ახალციხის მულტიფუნქციური სპორტული ცენტრი, მსგავსი პროექტები მთელი ქვეყნის მასშტაბით უნდა განხორციელდეს

„სამცხე-ჯავახეთში რამდენიმე მნიშვნელოვანი ღონისძიება გვქონდა, გაიხსნა ბორჯომის ქარხანა, რაც ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
მთავრობის მეთაური ბორჯომის პარკის სარეაბილიტაციო სამუშაოებსაც გაეცნო, ასევე დაათვალიერა ახალციხის მულტიფუნქციური სპორტული ცენტრი.
„დღეს სამცხე-ჯავახეთში რამდენიმე მნიშვნელოვანი ღონისძიება გვქონდა. როგორც მოგეხსენებათ, დღეს გაიხსნა ბორჯომის ქარხანა, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი. 150 მილიონი დოლარის ინვესტიცია განხორციელდა, რაც ბუნებრივია, ხელს შეუწყობს ბორჯომის მინერალური წყლის წარმოების გაფართოებას, ექსპორტის გაფართოებას. პროექტი არის ნამდვილად შთამბეჭდავი. ასევე დღეს ვიყავით ბორჯომში, სადაც მოვინახულეთ ბორჯომის პარკის რეაბილიტაციის სამუშაოები, ესეც არის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი, რომელიც ბიუჯეტიდან ფინანსდება და გავეცანით უშუალოდ პროექტის მიმდინარეობას.
ახალციხეში ვესტუმრეთ მულტიფუნქციურ სპორტულ ცენტრს, რომელიც პრაქტიკულად უკვე დასრულებული პროექტია და უახლოეს მომავალში ეს ცენტრი მიიღებს ახალციხელებს. ეს ცენტრი ძალიან მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ ჩვენ წავახალისოთ ჯანსაღი ცხოვრების წესი, სპორტის განვითარება, ასეთი პროექტები ბევრი უნდა განხორციელდეს მთელი ქვეყნის მასშტაბით“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.