Loading data...
ირაკლი გაბრიაძე: მიკრომეწარმეობის მხარდაჭერის პროგრამას 1 წლის თავზე 1300-ზე მეტი ბენეფიციარი ჰყავს, დამტკიცებული სესხების ჯამური მოცულობა კი 62 მლნ ლარს აღწევს

„მიკრომეწარმეობის მხარდაჭერის პროგრამას, რომელიც სააგენტომ „აწარმოე საქართველოში“ მხოლოდ 1 წლის წინ აამოქმედა, დღეს უკვე 1300-ზე მეტი ბენეფიციარი ჰყავს, დამტკიცებული სესხების ჯამური მოცულობა კი 62 მლნ ლარს აღწევს. პროგრამის წარმატება იმასაც განაპირობა, რომ მაქსიმალურად მორგებულია მიზნობრივი სეგმენტის შესაძლებლობებზე და აერთიანებს არაერთ კომპონენტს, რითაც სააგენტო მეწარმეებს ბიზნეს პროცესების უკეთ მართვაში ეხმარება“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ დირექტორის მოადგილე ირაკლი გაბრიაძემ.

პროგრამის ფარგლებში, ბენეფიციარებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ სესხის პროცენტის სრული ან ნაწილობრივი დაფინანსება სააგენტოს პარტნიორ ფინანსურ ინსტიტუტებში, სესხის აღების პროცესში 80%-იანი გარანტია და წვდომა საკონსულტაციო სერვისებზე 25 000 ლარამდე თანადაფინანსებით. „პროგრამაში მონაწილეობა შეუძლია ყველას, ვისი შემოსავალიც არ აღემატება 500,000 ლარს. სესხის ოდენობა განისაზღვრება 20,000-დან 50,000 ლარამდე. პროგრამაში ჩასართავად, მეწარმეები უნდა ეწვიონ სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ საკონსულტაციო ცენტრებს, ან მოგვმართონ ნომერზე 15-25. რეგისტრაციისა და ბიზნეს დიაგნოსტიკის გავლის შემდეგ, დავადგენთ მათ საჭიროებებს და ადგილზე დავეხმარებით მათთვის საჭირო და რელევანტური მომსახურების მიღებაში. პროგრამის დახმარებით მეწარმეები ხვეწენ ბიზნეს იდეას, რაც შემდგომში ფინანსური რესურსის მოზიდვაში ეხმარება. აქვე ყურადღებას გავამახვილებ ერთ მნიშვნელოვან მონაცემზე - სააგენტოს მიერ ფინანსურ ინსტიტუტებში გადაგზავნილი განაცხადების 70 % წარმატებით დასტურდება“, - აღნიშნა ირაკლი გაბრიაძემ.

აღსანიშნავია, რომ მიკრომეწარმეობის მხარდაჭერის პროგრამა სააგენტოს საკონსულტაციო ცენტრების მომსახურების პაკეტის ახალი ფინანსური მექანიზმია. იგი ეხმარება ნებისმიერ მსურველს განავითაროს უკვე არსებული ბიზნესი, ან დაიწყოს ახალი საქმიანობა. სესხის პროცენტის სრულ დაფინანსებას იღებენ:

• დამწყები მეწარმეები (შემოსავალი არ აღემატება 30 000 ლარს, ან/და ბიზნესის დარეგისტრირებიდან გასულია 1 წელზე ნაკლები დრო);

• ქალი მეწარმეები;

• მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრები მეწარმეები პროგრამის ყველა სხვა მონაწილეს სესხის აღება შეუძლია ნაწილობრივი დაფინანსებით, შეღავათიანი პირობებით 8.5 %-ში.

„აწარმოე საქართველოში“ საკონსულტაციო ცენტრები მდებარეობს საქართველოს 6 ქალაქში (თბილისი, ქუთაისი, ბათუმი, ზუგდიდი, თელავი, ახალციხე). ირაკლი გაბრიაძის ინფორმაციით, საკონსულტაციო ცენტრები 2025 წლის წლის ბოლომდე გაიხსნება ოზურგეთსა და გორში, ხოლო მომავალ წელს ამბროლაურსა და რუსთავში.