ვოლოდიმირ ზელენსკი: უკრაინა ისტორიაში ყველაზე რთული არჩევანის წინაშე დგას - ან მთავარ პარტნიორს დავკარგავთ ან უმძიმეს 28 პუნქტს შევასრულებთ
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ აშშ-ის მიერ შეთავაზებულ „სამშვიდობო გეგმას“ უკრაინის ისტორიაში „ყველაზე რთული არჩევანი“ უწოდა და მასზე, პრაქტიკულად, უარი თქვა. „ამჟამად, ჩვენს სამშობლოზე მძიმე ზეწოლა მიმდინარეობს“, - აღნიშნა მან უკრაინელებისადმი მიძღვნილ ვიდეომიმართვაში.
„უკრაინა აპირებს ამერიკასთან კონსტრუქციულ თანამშრომლობას, ამიტომ რჩება პოტენციურად რთული არჩევანის წინაშე: ან შემოთავაზებული „სამშვიდობო შეთანხმების“ მძიმე 28 პუნქტი ან მთავარი პარტნიორის დაკარგვა - ეს ჩვენი ისტორიის ყველაზე კრიტიკული მომენტია“, - განაცხადა ზელენსკიმ.
მისი თქმით, ყველა ერის ცხოვრებაში დგება დრო, როდესაც გულწრფელი და მშვიდი საუბარია საჭირო. „სპეკულაციების და ჭორების გარეშე, როგორც მუდმივად ვსაუბრობ თქვენთან“, - აღნიშნა პრეზიდენტმა ვიდეომიმართვისას.
„ამჟამად, უკრაინაზე ზეწოლა მიმდინარეობს და ეს ერთ-ერთი ყველაზე მძიმე ზეწოლაა. რთული არჩევანის წინაშე ვართ - ან ღირსებას ვკარგავთ ან მთავარ პარტნიორს. უკიდურესად კრიტიკული ზამთარი გველის და კიდევ უფრო კრიტიკულად მივიჩნევ შემდგომ რისკებს. ჩვენ გვთავაზობენ ცხოვრებას თავისუფლების, ღირსების, სამართლიანობის გარეშე - უნდა ვენდოთ იმ ქვეყნის პრეზიდენტს, რომელიც უკვე, ორჯერ დაგვესხა თავს“, - განაცხადა ზელენსკიმ.
მისი თქმით, მსოფლიო ელოდება პასუხს უკრაინისგან. „ამასთან ერთად, ჩვენ ეს პასუხი 2019 წლის 20 მაისს გავეცით“, - თქვა მან.