Loading data...
ილია მეორე სამხედრო თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად დაღუპული პილოტის ოჯახს სამძიმარს უცხადებს

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ილია მეორე ბოლნისში სამხედრო თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად დაღუპული თავდაცვის ძალების ავიაციისა და საჰაერო სარდლობის პილოტის, ვიცე-პოლკოვნიკ კახაბერ ზურაბაშვილის ოჯახის წევრებსა და ახლობლებს სამძიმარს უცხადებს.

„მიიღეთ ჩვენი სამძიმარი თვითმფრინავის კატასტროფის შედეგად ვიცე-პოლკოვნიკ კახაბერ ზურაბაშვილის გარდაცვალების გამო.

ყველა ახასიათებს მას, როგორც სამშობლოსთვის თავდადებულ პიროვნებას, საუკეთესო ხელმძღვანელსა და გამოცდილ მფრინავს.

უფალმა დააწესოს მისი უკვდავი სული სავანესა მართალთასა, ხოლო ოჯახის წევრებსა და ახლობლებს მოგმადლოთ მშვიდობა, მისთვის ლოცვის ძალა და რწმენა იმისა, რომ სიცოცხლე არ მთავრდება გარდაცვალებით, არამედ იგია დასაწყისი მარადიული ცხოვრებისა, რომლისთვისაც ყველანი უნდა ვემზადებოდეთ“, - აღნიშნულია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის სამძიმრის წერილში.

ცნობისთვის, დაღუპული პილოტი საგვარეულო სასაფლაოზე დღეს სამხედრო პატივით დაკრძალეს.