იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა
იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა. მორწმუნეებმა ქრისტიანული სამყაროს ყველაზე დიდი სასწაული კიდევ ერთხელ იხილეს.
ცეცხლი, ტრადიციისამებრ, მაცხოვრის საფლავზე მდებარე კუვუკლიიდან იერუსალიმის პატრიარქმა თეოფილე მესამემ გამოიტანა.
წმინდა ცეცხლს იერუსალიმიდან პირველად მაცხოვრის დაბადების ადგილას, ბეთლემში ჩააბრძანებენ, შემდეგ კი მთელ მსოფლიოში გაავრცელებენ.
საქრისტიანოს უდიდესი საიდუმლო, წმინდა ცეცხლის გადმოსვლა, ყოველწლიურად დიდ შაბათს მაცხოვრის საფლავზე აღესრულება.
მოციქულთა და წმინდა მამების ჩვენებების მიხედვით, ზეციური ცეცხლი იერუსალიმის აღდგომის ტაძარში პირველად III საუკუნეში გადმოვიდა. გადმოცემით, სააღდგომო ლიტანიობაზე კანდელში ზეთი შემოაკლდათ და პატრიარქმა ნარცისმა კურთხევა გასცა, მათში სილოამის ემბაზის წყალი ჩაესხათ. როდესაც პატრიარქის კურთხევა შეასრულეს, ზეციდან ცეცხლი გადმოვიდა და კანდელები აანთო, რომლებიც მთელი ლიტანიობის განმავლობაში არ ჩამქრალა.
წმინდა ცეცხლს საქართველოში დღეს გვიან ღამით ჩამოაბრძანებენ. ცეცხლს თავდაპირველად სიონის საკათედრო ტაძარში მიიტანენ, სადაც სააღდგომო ლიტურგიას საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, მეუფე შიო აღავლენს.
მართლმადიდებელი ეკლესია დღეს, დიდ შაბათს, ქრისტეს ხორცით საფლავად დადებას იხსენებს. დილით ადრე ტაძრებში გარდამოხსნის შემოტარების წესი, მაცხოვრის წესის აგების მსახურება შესრულდა. წირვაზე კი სასულიერო პირთა შავი შესამოსელი ფერადით იცვლება, რაც აღდგომას მოასწავებს. ტაძრებში ამ დროს იკითხება საწინასწარმეტყველოები, სადაც მესიის მოსვლაზეა ლაპარაკი. სააღდგომო ლიტურგია საღამოს 11 საათზე დაიწყება, 12 საათზე კი ლიტანიობა და ცისკარი იქნება.