გლდანში, კეცხოველის ქუჩა N58-ის მიმდებარედ რკინაბეტონის დახურული სანიაღვრე კოლექტორის მოწყობა დაიწყო
თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურმა გლდანის რაიონში, კეცხოველის ქუჩა N58-ის მიმდებარედ რკინაბეტონის დახურული სანიაღვრე კოლექტორის მოწყობა დაიწყო.
როგორც დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, კოლექტორის მოწყობა ღია ხევის მოწესრიგებისა და უსაფრთხოების მიზნით განხორციელდება.
„გლდანის რაიონში, ნიკო კეცხოველის ქუჩა N58-ის მიმდებარედ არსებული ღია ხევის მოწესრიგებისა და უსაფრთხოების მიზნით, რკინაბეტონის დახურული სანიაღვრე კოლექტორის მოწყობა დაიწყო. აღნიშნული ტერიტორია მდინარე ხევძმარას კალაპოტში მდებარეობს, სადაც ზედაპირული წყლები ღია კალაპოტში მიედინება. არსებული მდგომარეობა გარკვეულ რისკებს ქმნის როგორც მიმდებარე ინფრასტრუქტურის, ისე ტერიტორიის უსაფრთხოების თვალსაზრისით. სპეციალისტების მიერ საკითხი დეტალურად იქნა შესწავლილი და არსებული
რისკები შეფასდა. კვლევის საფუძველზე გამოიკვეთა, რომ ღია ხევის დახურულ კოლექტორში მოქცევა აუცილებელია წყლის ნაკადების უსაფრთხოდ მართვისთვის, ინფრასტრუქტურის დასაცავად და მოსაწესრიგებლად“, - აღნიშნა თბილისის მერმა.
მისივე თქმით, პროექტის ფარგლებში, ღია ხევის ადგილზე მოეწყობა 200 მეტრი სიგრძის რკინაბეტონის დახურული სანიაღვრე კოლექტორი, რაც უზრუნველყოფს ზედაპირული წყლების უსაფრთხო და ორგანიზებულ გატარებას. ასევე,
მოწესრიგდება ხევის ირგვლივ არსებული ტერიტორია და ადგილობრივი მცხოვრებლებისთვის გახდება უსაფრთხო.