Loading data...
გლდანში, III მიკრორაიონის N3ბ კორპუსის მიმდებარედ სკვერი მოეწყო

გლდანში, III მიკრორაიონის N3 ბ კორპუსის მიმდებარედ, უკანონო შემოღობვებისა და ავტოფარეხების ნაცვლად, რეკრეციული სივრცის მოწყობა დასრულდა. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

სამუშაოები, დაახლოებით, 3 000 კვ.მ ფართობზე ჩატარდა. ტერიტორიაზე მოეწყო ბავშვთა გასართობი ზონა, ფიტნესსივრცე, დამონტაჟდა გარე განათებისა და სარწყავი სისტემები, ჩატარდა გამწვანების სამუშაოები - დაიგო რულონური ბალახი და დაირგო ხე-მცენარეები. ასევე, განთავსდა სკვერისთვის საჭირო სხვა ინფრასტრუქტურა.

აღნიშნული პროექტისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან, 376 000 ლარი დაიხარჯა.

აღსანიშნავია, რომ მთლიან ტერიტორიაზე იყო უკანონო შემოღობვები, რომლის დემონტაჟი ადგილობრივი მცხოვრებლებისა და მუნიციპალური ინსპექციის ჩართულობით გასულ წლის ბოლოს განხორციელდა. ასევე, მიმდებარედ დემონტაჟი ჩაუტარდა ავტოფარეხებს, სადაც გამგეობამ საპარკინგე სივრცეები მოაწყო.

ამასთან, გასულ წელს გლდანის გამგეობამ აღნიშნულ მისამართზე, კორპუსის შიდა მხარეს, N3ა და N3ბ კორპუსებთან ავტოფარეხების ნაცვლად მოაწყო ახალი სკვერი, სადაც დედაქალაქის მერი კახა კალაძე მოსახლეობას დაჰპირდა, რომ N3ბ კორპუსის მიმდებარედ მოიხსნებოდა უკანონო შემოღობვები და იქაც მოეწყობოდა რეკრეაციული სივრცე.

დასრულებულ პროექტს გლდანის რაიონის გამგებელი ბესიკ კალაძე გაეცნო.