Loading data...
საქართველოს პარლამენტის დელეგაცია სამუშაო ვიზიტით უზბეკეთს ეწვია

საქართველოს პარლამენტის დელეგაცია, ლევან მაჭავარიანის ხელმძღვანელობით, სამუშაო ვიზიტით უზბეკეთის რესპუბლიკას ეწვია.

14 აგვისტოს, ქ. ტაშკენტში, საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ მონაწილეობა მიიღო უზბეკეთის რესპუბლიკის ოლი მეჯლისის მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო კონფერენციაში - „დამოუკიდებელი უზბეკეთი: განვითარების 35-წლიანი გზა - რეფორმები, შედეგები და პერსპექტივები“, სადაც ლევან მაჭავარიანი სიტყვით გამოვიდა.

მოხსენება შეეხებოდა რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას, თანამედროვე მსოფლიოში პარლამენტის როლსა და მნიშვნელობას, ასევე ქვეყნებს შორის საპარლამენტო ურთიერთობების გაღრმავებასა და საპარლამენტო დიპლომატიის როლს.

მხარეებმა ორი ქვეყნის საპარლამენტო ურთიერთობების შემდგომი გაღრმავების საკითხები განიხილეს და სამომავლო თანამშრომლობის მიმართულებებზე შეთანხმდნენ. ვიზიტის ფარგლებში დაიგეგმა უზბეკეთის რესპუბლიკის პარლამენტთან არსებული მეგობრობის ჯგუფის ვიზიტი საქართველოში, რომელიც ოქტომბერში გაიმართება.