Loading data...
გივი მიქანაძე: სახელმწიფო უმაღლესი სასწავლებლების რექტორებთან შეხვედრაზე მივიღეთ ძალიან სერიოზული მხარდაჭერა განათლების რეფორმის კონცეფციით განსაზღვრულ საკითხებთან დაკავშირებით

სახელმწიფო უმაღლესი სასწავლებლების რექტორებთან შეხვედრაზე, უმაღლესი განათლების რეფორმის კონცეფციის განხილვისას, ჩვენ მივიღეთ ძალიან სერიოზული მხარდაჭერა კონცეფციით განსაზღვრულ კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით, - ამის შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ პრემიერ-მინისტრისა და სახელმწიფო უნივერსიტეტების რექტორების შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

როგორც გივი მიქანაძემ აღნიშნა, ეს შეხვედრა არის გაგრძელება იმ პროცესისა, რომელიც პრემიერ-მინისტრის მიერ წარდგენილი კონცეფციის განხილვას ითვალისწინებს.

ჩვენ მოვისმინეთ თითოეული უნივერსიტეტის რექტორის პოზიცია. კონცეფციაში წარმოდგენილ პრობლემებზე საუბრისას აღინიშნა, რომ რეალურია ის პრობლემები, რომლის წინაშეც დღეს უმაღლესი სასწავლებლები დგანან. ჩვენ მივიღეთ ძალიან სერიოზული მხარდაჭერა იმ კონკრეტულ ნაბიჯებთან დაკავშირებით, რომლებიც კონცეფციით არის განსაზღვრული. ამასთანავე ვთქვით, რომ ეს განხილვები გაგრძელდება. ვფიქრობთ, ამ განხილვების შედეგად, უკვე საბოლოო პოზიციების შეჯერება იქნება შესაძლებელი, რომელიც მოგვცემს საშუალებას, რომ ჯერ კომისიამ მოახდინოს მისი საბოლოო მხარდაჭერა, ხოლო შემდგომ ამის საფუძველზე მოხდეს მთავრობის მიერ კონცეფციის დამტკიცება და დაიწყოს უშუალოდ მასში გათვალისწინებული აქტივობების განხორციელება. ეს ყველაფერი მიუთითებს, რომ მთავრობის მეთაური და მთლიანად ხელისუფლება დიდ პრიორიტეტს ანიჭებს განათლების სისტემის ხარისხის ამაღლებას. ის მნიშვნელოვანი და მართლაც ფუნდამენტური პროცესი, რაც პრემიერის ინიციატივით წამოიწყო, რეალურად არის განხილვის პროცესში და მისი განხორციელების პირველი ნაბიჯები მალევე დაიწყება“, - განაცხადა გივი მიქანაძემ.