Loading data...
გივი მიქანაძემ მეცნიერებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის ღვაწლმოსილი და ახალგაზრდა მეცნიერები დააჯილდოვა

10 ნოემბერს, მეცნიერების საერთაშორისო დღეს, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ, ღვაწლმოსილ და ახალგაზრდა მეცნიერებს გამორჩეული სამეცნიერო და პედაგოგიური მოღვაწეობისათვის სიგელები და საპატიო ჯილდოები გადასცა. ინფორმაციას განათლების სამინისტრო ავრცელებს. 

გივი მიქანაძემ სიტყვით გამოსვლისას დამსწრე საზოგადოებას მეცნიერების საერთაშორისო დღე მიულოცა და მეცნიერების განვითარების საქმეში თითოეული მათგანის მნიშვნელოვან როლზე ისაუბრა.

მინისტრთან ერთად მეცნიერებს საპატიო ჯილდოები შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალურმა დირექტორმა თეიმურაზ დოჭვირმა გადასცა.

ღონისძიების ფარგლებში სიგელები და საპატიო ჯილდოები გადაეცათ – რუსთაველის ფონდის პრემიის „მეცნიერებაში შეტანილი წვლილისა და განსაკუთრებული მიღწევებისთვის“ 10 ლაურეატ მეცნიერს, რუსთაველის ფონდის 2025 წლის პრემიის კონკურსის „მეცნიერებაში განსაკუთრებული მიღწევებისათვის“ შვიდი სამეცნიერო მიმართულებით გამარჯვებულ ახალგაზრდა მეცნიერებს და რუსთაველის ფონდის 2025 წლის პრემიის კონკურსის „ქალები მეცნიერებაში - განსაკუთრებული მიღწევებისათვის მათემატიკის მიმართულებით“ გამარჯვებულ ქალ მეცნიერს.

2025 წელს შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის საიუბილეო თარიღი – 20 წლისთავი აღინიშნება. სწორედ აღნიშნულთან დაკავშირებით, ღონისძიების ფარგლებში ფონდის საქმიანობის მიზნების, ძირითადი მიმართულებების, მიღწეული შედეგებისა და სამომავლო პრიორიტეტების შესახებ პრეზენტაცია გაიმართა.

2025 წლის მეცნიერების საერთაშორისო დღის მთავარი სლოგანია: „ნდობა, გარდაქმნა და მომავალი - როგორი უნდა იყოს მეცნიერება 2050 წელს“.

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებმა, უნივერსიტეტების რექტორებმა, მეცნიერებმა, მკვლევრებმა და სხვა მოწვეულმა სტუმრებმა.