გივი მიქანაძე უნგრეთის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა
უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში ოფიციალური ვიზიტით მყოფ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრ გივი მიქანაძეს უნგრეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა, შანდორ პინტერმა უმასპინძლა, რომელიც ზოგადი განათლების მიმართულებას ხელმძღვანელობს.
ორმხრივი შეხვედრის ფარგლებში გივი მიქანაძემ შანდორ პინტერს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და საქართველოსა და უნგრეთს შორის მრავალწლიანი, მჭიდრო და ნაყოფიერი პარტნიორობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.
საუბარი შეეხო მასწავლებელთა პროფესიული განვითარების მხარდაჭერას, სკოლებში უსაფრთხო, ინკლუზიური გარემოს უზრუნველყოფას, სასწავლო პროცესში თანამედროვე ტექნოლოგიების ინტეგრირებასა და ამ მიმართულებით გამოცდილების გაზიარებას.
მხარეებმა ასევე იმსჯელეს ზოგადი განათლების საფეხურზე ფუნდამენტური საგნების გაძლიერების, თანამედროვე ინფრასტრუქტურის განვითარებისა და დაფინანსების მოქნილი მექანიზმების შეთავაზების მნიშვნელობაზე.
გივი მიქანაძემ უნგრეთის შინაგან საქმეთა მინისტრს საქართველოში მიმდინარე ზოგადი განათლების რეფორმა გააცნო, რომლის თანახმად, საქართველოს სკოლებში უზრუნველყოფილი იქნება ღირებულებით ცოდნაზე დაფუძნებული სასწავლო შინაარსი, სისტემური და განახლებადი საგანმანათლებლო რესურსები, მრავალფეროვანი სასკოლო კულტურა და განათლების უწყვეტობა, რაც საგანმანათლებლო საფეხურებს შორის კავშირების გაძლიერებას ისახავს მიზნად.
შანდორ პინტერმა პოზიტიურად შეაფასა საქართველოს განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმები და აღნიშნა, რომ ახალი საგანმანათლებლო პოლიტიკა საქართველოსთვის მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება.
მხარეები შეთანხმდნენ, რომ უახლოეს მომავალში ამოქმედდება სამუშაო ჯგუფი, რომლის წევრებიც ორმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში ზოგადი განათლების მიმართულებით რეგულარულად განიხილავენ სხვადასხვა აქტუალურ საკითხს.
შეხვედრის დასასრულს, მონაწილეებმა თანამშრომლობის გაძლიერებისა და ერთობლივი საგანმანათლებლო პროექტების განხორციელების მზაობა გამოთქვეს. გივი მიქანაძემ შანდორ პინტერი ოფიციალური ვიზიტით საქართველოში მოიწვია.
შეხვედრას ესწრებოდნენ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის პირველი მოადგილე ლევან ღირსიაშვილი, საქართველოს ელჩი უნგრეთში ნიკოლოზ ლალიაშვილი, საქართველოს დელეგაციის წევრები და უნგრეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები.