Loading data...
გივი მიქანაძე უკრაინის განათლებისა და მეცნიერების მინისტრს შეხვდა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე უკრაინის განათლებისა და მეცნიერების მინისტრს ანდრი ბუტენკოს შეხვდა.

მხარეებმა საქართველოსა და უკრაინას შორის განათლების სფეროში არსებული თანამშრომლობის განვითარების შესაძლებლობები განიხილეს

გივი მიქანაძემ უკრაინელ კოლეგას საქართველოს განათლების რეფორმის ფარგლებში დაგეგმილი და განხორციელებული ინიციატივები გააცნო.

მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს განათლების სისტემების განვითარების პროცესში საერთაშორისო თანამშრომლობის, PISA-ს კვლევის შედეგების როლსა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარების მნიშვნელობაზე.

საუბარი შეეხო საქართველოსა და უკრაინას შორის სამეცნიერო-კვლევით სფეროში პარტნიორობის გაღრმავებას და ამ მიმართულებით ახალი შეთანხმების გაფორმებას.

ანდრი ბუტენკომ გივი მიქანაძეს მადლობა გადაუხადა უკრაინის მხარდაჭერისთვის და მოსწავლეებისთვის უკრაინის უნივერსიტეტებში ჩარიცხვისთვის განკუთვნილი გამოცდების ორგანიზებისთვის.

შეხვედრის დასასრულს მინისტრებმა განათლების ფეროში თანამშრომლობის გაძლიერებისა და ერთობლივი საგანმანათლებლო პროექტების განხორციელების მზადყოფნა გამოთქვეს.