გივი მიქანაძე: თბილისის 21-ე საჯარო სკოლასთან დაკავშირებით სამინისტროში ექსპერტიზის დასკვნა ოფიციალურად 17 სექტემბერს შემოვიდა და ჩვენ მყისიერად მივიღეთ გადაწყვეტილება, რომელიც იყო ერთადერთი და უალტერნატივო - ჩვენი მოსწავლეებისა და მასწავლებლების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას რისკის ქვეშ ვერ დავაყენებთ
„თბილისის 21-ე საჯარო სკოლასთან დაკავშირებით სამინისტროში ექსპერტიზის დასკვნა ოფიციალურად 17 სექტემბერს შემოვიდა და ჩვენ მყისიერად მივიღეთ გადაწყვეტილება, რომელიც იყო ერთადერთი და უალტერნატივო - ჩვენი მოსწავლეებისა და მასწავლებლების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას რისკის ქვეშ ვერ დავაყენებთ“, - განაცხადა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ.
მინისტრის თქმით, დაწყებულია საჯარო სკოლების შენობების მდგომარეობის საფუძვლიანი შესწავლის პროცესი.
როგორც გივი მიქანაძემ აღნიშნა, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო შესაბამისი დასკვნის მიღებისას ნებისმიერ შემთხვევაში მყისიერად ახდენს რეაგირებას.
„ჩვენ ძალიან კარგად გვესმის, რომ სასკოლო ინფრასტრუქტურა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევაა და სწორედ ამიტომ, დავიწყეთ საჯარო სკოლების შენობების მდგომარეობის საფუძვლიანი შესწავლა და ავარიული შენობების გამოვლენა. ეს არის წლების განმავლობაში დაგროვილი სარემონტო სკოლები და საკითხი, რომელსაც სამომავლოდ ვერ გადავდებთ.
ერთხელ და სამუდამოდ, უნდა გადაიჭრას საჯარო სკოლებში ინფრასტრუქტურის პრობლემა. ამ საკითხს განსაკუთრებული გულისყურით ვეკიდებით და ამ მიმართულებით გვექნება მყისიერი, კონკრეტული რეაგირება.
თბილისის 21-ე საჯარო სკოლის შენობის ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, შენობის არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, იქ სასწავლო პროცესის გაგრძელება უსაფრთხოების თვალსაზრისით დაუშვებელია.
მოსწავლეებისა და სკოლის პერსონალის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად მივიღეთ გადაწყვეტილება, სასწავლო პროცესი დროებით გაგრძელდეს ალტერნატიულ საგანმანათლებლო სივრცეში. სწავლა არ შეწყდება და მოსწავლეებისთვის უზრუნველყოფილი იქნება ალტერნატიული, უსაფრთხო სასწავლო გარემო.
მშობლებსა და სკოლის თანამშრომლებს სასწავლო პროცესის ორგანიზებასთან დაკავშირებული კონკრეტული ინფორმაცია უმოკლეს ვადაში მიეწოდებათ.
პარალელურად, დაიწყება ყველა აუცილებელი პროცედურა თბილისის №21 საჯარო სკოლის ინფრასტრუქტურული პრობლემის მოსაგვარებლად. ჩვენ გვაქვს ყოველდღიური, ინტენსიური კომუნიკაცია და კოორდინაცია საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან. შენობასთან დაკავშირებით განსახორციელებელ ღონისძიებებთან დაკავშირებით გადაწყვეტილება შესაბამისი სპეციალისტების დასკვნებისა და ტექნიკური შეფასებების საფუძველზე იქნება მიღებული“, - აღნიშნა გივი მიქანაძემ.