გივი მიქანაძე: სასკოლო საზოგადოებასთან, მათ შორის, მშობლებთან შეხვედრები და პროცესებში მათი ჩართულობა რეფორმის წარმატებით განხორციელების მყარ წინაპირობას ქმნის
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე ქობულეთის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების მოსწავლეთა მშობლებს შეხვდა.
მინისტრმა დამსწრე საზოგადოებას განათლების სისტემის რეფორმების ძირითადი მიმართულებები და განსახორციელებელი ინიციატივები გააცნო.
„მსგავსი ფორმატის შეხვედრებზე გვაქვს შესაძლებლობა, სასკოლო საზოგადოებას გავაცნოთ რეფორმასთან დაკავშირებული საკითხები, მოვისმინოთ არსებული პოზიციები, მოსაზრებები და მაქსიმალურად ამომწურავად ვუპასუხოთ ყველა შეკითხვას.
მიმდინარე პროცესებში მშობელთა ჩართულობა რეფორმის წარმატებით განხორციელების მყარ წინაპირობას ქმნის“, - განაცხადა გივი მიქანაძემ.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო ახალ სასკოლო ფორმებს, სახელმძღვანელოებისა და პროგრამების განახლებას, ინფრასტრუქტურის განვითარებას და სხვა მნიშვნელოვან საკითხებს.
შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა და მშობლებს შესაძლებლობა ჰქონდათ, მათთვის საინტერესო საკითხებთან დაკავშირებით მინისტრისგან მიეღოთ ამომწურავი ინფორმაცია.
შეხვედრას, ასევე, ესწრებოდნენ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონია, აჭარის ა/რ განათლებისა და სპორტის მინისტრი მაია ხაჯიშვილი, პარლამენტის წევრი ზაალ მიქელაძე, ქობულეთის მერი ირაკლი ცეცხლაძე და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები.