გივი მიქანაძე: სახელმწიფო უნივერსიტეტებში გამოვაცხადებთ ადგილების რაოდენობას იმის მიხედვით, რაც კვლევიდან გამომდინარე ბაზრის დაკვეთა იქნება, ამან შეიძლება გაზარდოს სხვადასხვა მიმართულებებზე კონკურენცია

ეს არის ის პრობლემები, რომელიც ჩვენთვის ცნობილია, ყოველდღიურ რეჟიმში ამ ყველაფერს ვაწყდებით და ვხედავთ. ვინმემ რომ თქვას, რომ ეს ასე არ არის, არასერიოზულად იქნება საზოგადოების მხრიდან აღქმული, - განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა“ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ განათლების რეფორმაზე საუბრისას.
მისივე თქმით, ამ პრობლემების დაჯგუფება, ერთიანად თავმოყრა და კონკრეტული მიმართულებებით დახარისხება მოხდა, რათა შემდგომში ემსჯელათ, როგორ შეიძლება მათი გადაწყვეტა.
მიქანაძემ განმარტა, თუ ვის შეეხება განათლების სფეროში განხორციელებული ცვლილებები.
„ეს პროცესები შეეხება იმ ახალგაზრდებს, რომლებიც 2026 წლიდან გახდებიან სტუდენტები. ეს არ შეეხება მოქმედ სტუდენტებს. მათ ექნებათ შესაძლებლობა, რომ იმ სისტემით გააგრძელონ სასწავლო პროცესი, რომლითაც ჩააბარეს.
ჩვენ სახელმწიფო უნივერსიტეტებში გამოვაცხადებთ ადგილების რაოდენობას იმის მიხედვით, რაც კვლევიდან გამომდინარე ბაზრის დაკვეთა იქნება. ამან შეიძლება, გაზარდოს სხვადასხვა მიმართულებებზე კონკურენცია. შემდეგი წელი იქნება პილოტური რეჟიმის კომპონენტი, როდესაც პირველად 4+2-ის ნაცვლად 3+1 სისტემა დაინერგება“, - აღნიშნა მინისტრმა.
გივი მიქანაძემ ასევე ისაუბრა პროფესორ-მასწავლებლებზეც და აღნიშნა, რომ განათლების სექტორი დაცლილი უნდა იყოს პოლიტიკისგან.
„განათლების სექტორის ნებისმიერი საფეხური დაცლილი უნდა იყოს პოლიტიკისგან. ის, ვინც მავნებლობს და ცდილობს, ბოროტად გამოიყენოს თავისი პოზიცია იმისთვის, რომ გარკვეული იდეოლოგიური პოლიტიკური მიმართულებები დანერგოს, ის რა თქმა უნდა, მოქმედებს ამ პრინციპის საწინააღმდეგოდ. ჩვენ ვერ დავუშვებთ, რომ რომელიმე ადამიანმა თავისი პროფესორ-მასწავლებლობა თუ აღმზრდელობა გამოიყენოს გარკვეული პოლიტიკური მიზნებისთვის“, - აღნიშნა მინისტრმა.