Loading data...
გივი მიქანაძე განათლების რეფორმაზე: ერთ-ერთი გამოწვევა არის ინფრასტრუქტურა, რომელიც მოიცავს არა მხოლოდ სასწავლო გარემოს თანამედროვე სტილში მოწყობას, არამედ მაღალი სტანდარტის დაბალფასიანი საერთო საცხოვრებლების მშენებლობას

„ერთ-ერთი გამოწვევა არის ინფრასტრუქტურა, რომელიც მოიცავს არა მხოლოდ სასწავლო გარემოს თანამედროვე სტილში მოწყობას, არამედ მაღალი სტანდარტის დაბალფასიანი საერთო საცხოვრებლების მშენებლობას“, - განაცხადა „დღის ქრონიკაში“ განათლების მინისტრმა გივი მიქანაძემ განათლების რეფორმაზე საუბრისას.

„ინფრასტრუქტურის განვითარება სახელმწიფოს ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტს წარმოადგენს. განათლების რეფორმის ფარგლებში, ერთ-ერთი გამოწვევა არის ინფრასტრუქტურა, რომელიც მოიცავს არა მხოლოდ სასწავლო აუდიტორიებისა და გარემოს თანამედროვე სტილში მოწყობას და მის აღჭურვას ლაბორატორიებითა თუ სხვადასხვა დანადგარით, რომელიც პრაქტიკული საქმიანობისთვის მნიშვნელოვანია, არამედ აქ საუბარია მაღალი სტანდარტის დაბალფასიანი საერთო საცხოვრებლების მშენებლობაზე სტუდენტებისთვის, რაც მათ საშუალებას მისცემთ კიდევ უფრო მიმზიდველი გახდეს ეს უნივერსიტეტები, რომ მათ არ მოუწიოთ ბინის დაქირავება უფრო მაღალ ფასად, ასევე რეკრეაციული სივრცეები, ბიბლიოთეკები, სხვადასხვა ელექტრონულ ბაზებთან წვდომა.

ამ ყველაფრის უზრუნველყოფაზე, სახელმწიფო უნივერსიტეტებში, სახელმწიფო იღებს ვალდებულებას, რომ ამ რეფორმის ფარგლებში უზრუნველყოფილი იქნება. როდესაც ჩვენ ბაზრის მოთხოვნაზე ორიენტირებულ პროფესიებზე გვექნება ორიენტირი, ეს უზრუნველყოფს იმას, რომ კურსდამთავრებულები აუცილებლად დასაქმდებიან და საკმაოდ მაღალ ანაზღაურებას მიიღებენ“, - აღნიშნა გივი მიქანაძემ.

ცნობისთვის, 16 ოქტომბერს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განათლების რეფორმის პრეზენტაცია გამართა.