Loading data...
დავით მათიკაშვილი: ჩვენს ქვეყანას აქვს ამბიციური გეგმა, იყოს წამყვანი სახელმწიფო კორუფციასთან ბრძოლაში, ზოგადად, ვერანაირი სტატუსი წარსულში ვერ იქნება ინდულგენცია

„ბუნებრივია, ძალიან გულდასაწყვეტი და სამწუხარო ფაქტია უკვე მსგავსი პროცედურის არსებობა, ჩატარება საგამოძიებო ჭრილში“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ დავით მათიკაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ განაცხადა.

დავით მათიკაშვილმა გადაცემის წამყვანის შეკითხვას უპასუხა, რას ეხება ყოფილი მაღალჩინოსნების მიმართ დღეს გატარებული ღონისძიებები, ეს ეხება 4 ოქტომბრის დამხობის მცდელობის საქმეს, კორუფციას, თუ რა საკითხთან დაკავშირებით არსებობს შეკითხვები, რადგან, გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, ირაკლი ღარიბაშვილის, ლილუაშვილის, ფარცხალაძის და კიდევ რვა პირის სახლებში ჩატარდა ჩხრეკა, ამოღებულია სხვადასხვა ელექტრონული მოწყობილობა, დოკუმენტაცია, დიდი ოდენობით თანხა და გამოძიება რამდენიმე მიმართულებით, რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარეობს.

„საზოგადოებამ კარგად იცის, ჩვენს ქვეყანას გააჩნია ამბიციური გეგმა და სავსებით რეალისტური, რომ იყოს წამყვანი სახელმწიფო კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლასთან მიმართებით. თუკი რამე ფორმით დადასტურდა ფაქტი ამ პირთა მიმართ, ეს იქნება კიდევ უფრო მეტად მძიმე და სამწუხარო, თუმცა ჯერ მიმდინარეობს გამოძიება. არსებობს უდანაშაულობის პრეზუმფცია და ჩვენ ცხადია, დაველოდებით პასუხს, თუ რას გვეტყვიან საგამოძიებო ორგანოებიდან. ეს უკვე არაერთგზის დადასტურდა, რამდენიმე თვის წინ ჩატარებული ასევე ოპერაციით და დაკავებულ პირთა ყოფილი სტატუსიდან გამომდინარე, რომ ზოგადად, ვერანაირი სტატუსი წარსულში ვერ იქნება ინდულგენცია“, - განაცხადა მათიკაშვილმა.

რაც შეეხება მაკა ცინცაძის შეკითხვას, რა მტკიცებულებებით უნდა დაუსაბუთოს მმართველმა გუნდმა საკონსტიტუციო სასამართლოს, რომ ესა თუ ის პარტია, ან პოლიტიკოსი არის ასაკრძალი და ვინ იქნება სიაში გარდა „ნაციონალური მოძრაობისა“, დავით მათიკაშვილმა განაცხადა, რომ დროებითმა საგამოძიებო კომისიამ სქელტანიანი, 400 გვერდზე მეტი მოცულობის დოკუმენტი შექმნა, რომელიც გაჯერებულია მტკიცებულებებით იმ პირების და პარტიების მიმართ, ვინც დანაშაულს სჩადიოდა.

„თქვენ კითხვა ეხებოდა „ნაციონალურ მოძრაობას“ და კიდევ რომელი პარტია შეიძლება, იქნეს მოაზრებულიო და რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი იქნება საბოლოოდ სარჩელში ასახული. სულ რამდენიმე დღეღა მოგვიწევს დალოდება, რომ ეს სია ვნახოთ. ამიტომ, მომეცით იმის უფლება, რომ ახლა აქ კონკრეტულ გვარებზე და სახელებზე არ ვისაუბრო, თუმცა მინიშნებით შემიძლია, გითხრათ, რომ ამაზე ჩვენ აქამდეც არაერთგზის გვისაუბრია, თუ ვის გულისხმობდით კოლექტიურ „ნაციონალურ მოძრაობაში“, რა პრინციპით არიან ის სხვა პარტიები და ე.წ. ორთოდოქსი „ნაციონალური მოძრაობა“ ერთმანეთთან დაკავშირებული. მათ შორის, „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი წევრებიც, რომლებიც საკუთარი ქმედებით რეალობაში აქცევდნენ ამ პარტიის იდეოლოგიას, რომელიც არის კრიმინალური, ქვეყნის დამაქცევარი, ადამიანის უფლებების დამთრგუნველი და ანტისახელმწიფოებრივი იდეოლოგია. თქვენ კარგად იცით, რომ კონსტიტუცია შეიცავს კონკრეტულ მუხლს, კონკრეტულ დანაწესს, რა შემთხვევაში შეიძლება, იყოს პარტია აკრძალული, თუმცა კონკრეტულ პერსონალიებზე იქ არ არის საუბარი. ამიტომაც, შესაბამისი ცვლილებები შევიდა ადეკვატურად ისეთ საკანონმდებლო სივრცეებში, რომელიც არის მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ არა რაღაც ფორმალური, ბელეტრისტიკული ფორმა მივცეთ ამ სარჩელს, იმ დანაპირებს, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ წინასაარჩევნოდ გასცა, არამედ ეს იყოს ეფექტური და შედეგზე ორიენტირებული, რამეთუ პარტია თავისთავად არაფერი არ არის, თუ არა ადამიანთა ერთობლიობა“, - განაცხადა მათიკაშვილმა.

ამასთან, დავით მათიკაშვილმა აღნიშნა, რომ არსებობს სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკა, რომელიც ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად ამბობს, თუ როგორ შეიძლება, ვიგულისხმოთ, რომ კონკრეტული პირი შეიძლება, არ იყოს ამა თუ იმ პარტიის წევრი და ჯიბეში არ ედოს მანდატი, მაგრამ ის იყოს ასოცირებული, დაკავშირებული ამ პარტიასთან.

„ეს არის თანამდებობის დაკავება, ეს არის მისთვის იდეოლოგიური დახმარება, ეს არის მისთვის ფიზიკური დახმარება და ა.შ. მტკიცებულებით ჭრილში, ბუნებრივია და რა თქმა უნდა, სასამართლო კოლეგია იქნება ის ინსტანცია, რომელიც ამ ყველაფერს შეაფასებს, თუმცა დამერწმუნეთ, სარჩელი იქნება იმდენად გაჯერებული მაღალი ხარისხის მტკიცებულებებით, რომ სასამართლოს ძალიან გაუჭირდება ამ სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა“, - განაცხადა მათიკაშვილმა.

მისივე თქმით, არსებობდა სამწუხარო მოჯადოებული წრე ჩვენ რეალობაში, პოლიტიკურ მდგენელში, რომელიც 2012 წლის არჩევნების შემდეგ, როდესაც ხელისუფლება დაკარგა „სადისტურმა ნაციონალურმა რეჟიმმა“ და ოპოზიციაში გადაინაცვლა, იყო მუდმივი მცდელობა ქვეყნის ჯანჯღარის, მუდმივი მცდელობა ქვეყანაში არალეგალური, კონსტიტუციას აცდენილი კრიმინალური მეთოდებით ხელისუფლების ხელში ჩაგდების.

„ამ ყველაფერს ბუნებრივია, წინ უსწრებდა მმართველობის ის სიმძიმე, უდიდესი ტვირთი, რომელიც ქართველმა ხალხმა საკუთარ კისერზე განიცადა 2003-2012 წლებში, როცა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ იყო ხელისუფლებაში. საზოგადოებამ იხილა დროებითი საგამოძიებო კომისიის რამდენიმეთვიანი მუშაობა, სადაც ჩვენი ქვეყნისთვის კიდევ ერთხელ მკაფიოდ იქნა წარმოდგენილი ის უტყუარი ფაქტები და მტკიცებულებები, რაც 2012 წლამდე არსებულ სამწუხარო რეალობას ასახავდა“, - განაცხადა მათიკაშვილმა.