გივი მიქანაძე: აბიტურიენტებს ექნებათ შესაძლებლობა, უმაღლეს სასწავლებლებთან ერთად აირჩიონ პროფესიული მიმართულების ფაკულტეტები
„აბიტურიენტებს პირველად ექნებათ შესაძლებლობა, უმაღლეს სასწავლებლებთან ერთად აირჩიონ ასევე პროფესიული მიმართულების ფაკულტეტები, რაც შესაძლებელს გახდის, რომ იმ აბიტურიენტებს, რომლებიც გადალახავენ მინიმალურ ბარიერს და დაგროვილი ქულების შედეგად ვერ შეძლებენ უმაღლეს სასწავლებლებში ადგილების მოპოვებას, ჰქონდეთ საშუალება სახელმწიფოს მხარდაჭერით, უფასოდ გააგრძელონ სასწავლო პროცესი სხვადასხვა მიმართულების პროფესიულ სასწავლებელში“, - ამის შესახებ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ განაცხადა.
როგორც განათლების მინისტრმა აღნიშნა, „ამ კუთხით 10 600 ადგილი ცხადდება, როგორც სახელმწიფო, ასევე, კერძო პროფესიულ კოლეჯებში, რომელსაც მთლიანად სახელმწიფო დააფინანსებს“.
„ამასთან, ჩვენ გვაქვს მოცემულობა იმისა, რომ პირველად საქართველოს ისტორიაში, მმართველი გუნდის პოლიტიკური საბჭოს გადაწყვეტილებით, ის აბიტურიენტები, რომლებიც 2026 წლიდან გახდებიან სტუდენტები და ჩაირიცხებიან სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებლებში, მათი სწავლა მთლიანად დაფარული იქნება სახელმწიფოს მხრიდან, შესაბამისად, ისინი უფასოდ ისწავლიან უმაღლეს სასწავლებლებში.
ამ სიახლითაც სახელმწიფო ქმნის იმ ყველანაირ შესაძლებლობას, რომელიც უკვე ახალგაზრდების ძალისხმევაზე, შრომისმოყვარეობასა და მიზანმიმართულებაზე არის ორიენტირებული“, - აღნიშნა მიქანაძემ.