გიორგი ტყემალაძე: დარწმუნებული ვარ, რომ მოკლე ვადაში გაიხსნება დიუშენით დაავადებული ბავშვების სარეაბილიტაციო ცენტრი - ეს ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა
„დარწმუნებული ვარ, რომ მოკლე ვადაში გაიხსნება [დიუშენით დაავადებული ბავშვების] სარეაბილიტაციო ცენტრი“, - განაცხადა „დღის ქრონიკაში“ თბილისის ვიცე-მერმა გიორგი ტყემალაძემ.
მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ამ პროცესში მშობლები აქტიურად იყვნენ ჩართულები.
„გლდანის რაიონში იქნება განთავსებული სარეაბილიტაციო ცენტრი, რაც გულისხმობს როგორც სარეაბილიტაციო, ასევე საგანმანათლებლო მიმართულებას, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს სოციალიზაციას. ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა. იცით, რომ ცენტრალური ხელისუფლება ძალიან მნიშვნელოვან ღონისძიებებს ატარებს ამ პაციენტების მიმართ და მშობლებთან და ასოციაციასთან კონსულტაციების შემდეგ მივიღეთ ეს გადაწყვეტილება. განხორციელდება 300 000-ზე მეტი ინვესტიცია და უახლოეს მომავალში იქნება ეს სარეაბილიტაციო ცენტრი. ჩვენ ყოველდღიურად ვზრუნავთ, რომ თითოეული ჩვენი გადაწყვეტილება იყოს იმ ადამიანებისკენ მიმართული, რომელიც ამას საჭიროებს და ეს გადაწყვეტილებაც ამის დასტურია.
ეს პროცესი მიმდინარეობდა მშობლების აქტიური ჩართულობით. მნიშვნელოვანია, რომ ისინი აქტიურად არიან ჩართულები და ერთმანეთთან თანამშრომლობით მოკლე ვადაში მივიღეთ ეს გადაწყვეტილება და დარწმუნებული ვარ, რომ ასევე მოკლე ვადაში გაიხსნება სარეაბილიტაციო ცენტრი“, - აღნიშნა გიორგი ტყემალაძემ.