გიორგი ტყემალაძე: ავარიული სახლების ჩანაცვლება ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი პრიორიტეტია, ამ პროექტში აუცილებელია 100%-იანი თანხმობა მესაკუთრეების, გარკვეული პერიოდის განმავლობაში იყო გარკვეული წინააღმდეგობები, თუმცა ჩვენ მოვიპოვეთ ნდობა და დავარწმუნეთ ეს ადამიანები, რომ მათთვის ეს არის მნიშვნელოვანი სიკეთე და არანაირ საფრთხესთან არ იყო დაკავშირებული
„ავარიული სახლების ჩანაცვლება ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი პრიორიტეტია“, - განაცხადა „დღის ქრონიკასთან“ თბილისის ვიცე-მერმა გიორგი ტყემალაძემ.
მისი თქმით, ავარიული სახლების ჩანაცვლების პროცესში ამხანაგობის 100%-იანი თანხმობაა საჭირო.
როგორც გიორგი ტყემალაძემ განაცხადა, აღნიშნული პროექტით სამტრედიის ქუჩაზე მდებარე ავარიული სახლის მცხოვრებლები ისარგებლებენ და 57 ოჯახი შეძლებს უკეთეს პირობებში ცხოვრებას.
„დაახლოებით 17 ასეთი პროექტი გვაქვს მიმდინარე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. დინამიკაა მზარდი. ამ პროექტში აუცილებელია 100%-იანი თანხმობა მესაკუთრეების. გარკვეული პერიოდის განმავლობაში თავიდან იყო გარკვეული წინააღმდეგობები თუმცა ჩვენ მოვიპოვეთ ნდობა და დავარწმუნეთ ეს ადამიანები, რომ მათთვის ეს არის მნიშვნელოვანი სიკეთე და არანაირ საფრთხესთან არ იყო დაკავშირებული. ამ წარმატებულმა პროექტებმა ნამდვილად გააჩნია ნდობა მოსახლეობას, ინვესტორსა და მუნიციპალიტეტს შორის და ეს მზარდი დინამიკა ამის დასტურია“, - განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.
მისი თქმით, დედაქალაქში კიდევ ერთ პრობლემას წარმოადგენდა დაუმთავრებელი მშენებლობები.
„დაახლოებით 10 ათასი ოჯახი არის თბილისის მერიის მხრიდან დაკმაყოფილებული სხვადასხვა პროექტებში სხვადასხვა ინვესტორების პრეფერენციების გაცემის პირობებით იმისთვის, რომ დაზარალებული ადამიანები დაკმაყოფილებულიყვნენ. აქედან გამომდინარე ჩვენ არ გვიკვირს რომ ჩანაცვლების პროგრამას გარკვეული შეფერხებები ჰქონდა თავიდან ნდობასთან დაკავშირებით. თუმცა ამ ეტაპზე ძალიან მზარდი დინამიკაა“, - განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.