Loading data...
გიორგი პაპავა: სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩართულია 500-ზე მეტი ცოცხალი ძალა და 30 მძიმე ტექნიკა, სანამ პრობლემა სრულად არ იქნება აღკვეთილი სამუშაოები გაგრძელდება

„ძლიერი წვიმის შედეგად თბილისში შექმნილ პრობლემების ლიკვიდაციაზე „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლები 24 საათიან რეჟიმში მუშაობენ“, - აცხადებს „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორი გიორგი პაპავა.

მისივე თქმით, გუშინდელი უხვი ნალექის შედეგად წვიმამ გარკვეული პრობლემები თბილისის ათივე რაიონში პრობლემები.

„გზის სავალ ნაწილებზე გადმოტანილ იქნა ხრეში და ღორღი, შესაბამისად 24 საათიან რეჟიმში ჩვენი თანამშრომლები, როგორც მძიმე ტექნიკის საშუალებით, ასევე ცოცხალი ძალის დახმარებით ახორციელებენ გაწმენდას. განსაკუთრებით დიდი ნალექი იყო, როგორც ვაკეში, ასევე მთაწმინდისა და კრწანისის რაიონებში. ყველა პერიმეტრზე ჩვენი თანამშრომლები, 500-ზე მეტი ცოცხალი ძალა და 30 მძიმე ტექნიკა ჩართულია სალიკვიდაციო სამუშაოებში და სანამ პრობლემა სრულად არ იქნება აღკვეთილი სამუშაოები გაგრძელდება“, - განაცხადა პაპავამ.

ძლიერი წვიმის შედეგად თბილისში, პრობლემები შეიქმნა. დაიტბორა ქუჩები და სარდაფები, ასევე მეტროსადგურები - „რუსთაველი“ და „ვაჟა-ფშაველა“. განსაკუთრებით დიდი რაოდენობის ნალექი იყო თამარაშვილის გამზირზე. გაზსადენი მილის დაზიანების გამო კი, ჩიქოვანის ქუჩიდან მოსახლეობის ევაკუაცია გახდა საჭირო. შესაბამისი სამსახურები საგანგებო რეჟიმში მუშაობდნენ. გზები და ქუჩები ამ წუთებშიც იწმინდება.