Loading data...
გიორგი ჯინჭარაძე: პატრიარქის მოღვაწეობის პერიოდში აფხაზეთის სახელის უკვდავსაყოფად განხორციელებულმა საქმეებმა განამტკიცა რწმენა ქართველებისა და აფხაზების მშვიდობიანი თანაცხოვრების შესახებ

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს აღსაყდრების 48-ე წლისთავს ულოცავს.

გიორგი ჯინჭარაძის განცხადებით, პატრიარქის მოღვაწეობის პერიოდში აფხაზეთის სახელის უკვდავსაყოფად განხორციელებულმა უმნიშვნელოვანესმა საქმეებმა კიდევ ერთხელ განამტკიცა საზოგადოების რწმენა და მოლოდინი ქართველებისა და აფხაზების მშვიდობიანი ერთიანობისა და თანაცხოვრების შესახებ.

„სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსს, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტს, უწმინდესსა და უნეტარესს ილია II-ს ვულოცავ აღსაყდრების 48-ე წლისთავს.

განუზომელია თქვენი დამსახურება ჩვენი ქვეყნის და თითოეული ჩვენგანის სულიერი ამაღლების საქმეში. საქართველოს მართლმადიდებელი ავტოკეფალიური ეკლესიის როლის გაზრდა თქვენი განსაკუთრებული ძალისხმევისა და უდიდესი ავტორიტეტის შედეგია.

თქვენი მოღვაწეობის პერიოდში აფხაზეთის სახელის უკვდავსაყოფად განხორციელებულმა უმნიშვნელოვანესმა საქმეებმა, მათ შორის ცხუმ-აფხაზეთის ეპარქიის ხელმძღვანელობის ისტორიულმა გადაწყვეტილებამ და აფხაზეთის დღის დაწესებამ, კიდევ ერთხელ განამტკიცა საზოგადოების რწმენა და მოლოდინი ქართველებისა და აფხაზების მშვიდობიანი ერთიანობისა და თანაცხოვრების მიმართ.

დარწმუნებული ვარ, რომ თქვენი ლოცვა-კურთხევით, უახლოეს მომავალში აღდგება ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა და ყველა ერთად დავბრუნდებით ჩვენ მშობლიურ აფხაზეთში!

თქვენო უწმინდესობავ, გისურვებთ ჯანმრთელობას, მხნეობასა და სულის სიმტკიცეს ჩვენი ქვეყნისა და ერის საკეთილდღეოდ!“, - აღნიშნულია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მილოცვაში.